
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის ეს ინიციატივა - 1 700-ზე მეტ აბიტურიენტს, რომელმაც მინიმალური კომპეტენცია გადალახა, შანსი აქვს, სწავლა გააგრძელოს უმაღლეს დაწესებულებებში - ჯაბა სამუშია | Rustavi2
მეორე შანსი აბიტურიენტებს - მათ, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, განათლების სამინისტრო მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს. ასეთი სულ 1 795 აბიტურიენტია. გივი მიქანაძის განცხადებით, მათ მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა ჰქონდათ არჩეული, რომელზე ჩარიცხვისთვისაც მიღებული ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა.
პრემიერის ინიციატივით, ასეთი აბიტურიენტებისთვის მხოლოდ წელს, გამონაკლისის სახით, მეორადი ჩარიცხვის სისტემა ამოქმედდება.
ინიციატივას დადებითად აფასებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ჯაბა სამუშიას განცხადებით, 1 700-ზე მეტ აბიტურიენტს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში გადალახა მინიმალური კომპეტენცია, შანსი აქვს, სწავლა გააგრძელოს უმაღლეს დაწესებულებაში.
"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის ეს ინიციატივა. მართალია, ერთჯერადი ინიციატივაა, თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ ის აძლევს შანსს, დაახლოებით, 1 700-ზე მეტ აბიტურიენტს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში გადალახა მინიმალური კომპეტენცია, სწავლა გააგრძელოს უმაღლეს დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში.
ეს არის საინტერესო პროცესი, სტუდენტს აქვს შანსი, ხელახლა აირჩიოს ფაკულტეტი, რომელ ფაკულტეტებზეც არის დარჩენილი ადგილები და შემდგომ უკვე სწავლა განაგრძოს იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში, სადაც ამის შანსი არსებობს. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ და გააგრძელონ სწავლა", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge