
რაფაელ გროსი: თუ ირანი დიალოგში ჩაერთვება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობას და არა ომს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი უარს აცხადებს, შეაფასოს ირანის წინააღმდეგ მომზადებული რეზოლუცია, რომლის მხარდაჭერასაც აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ითხოვენ. გროსის თქმით, რეზოლუციის მიღების შემთხვევაშიც სააგენტო ირანთან მუშაობას გააგრძელებს. მან თეირანს "სერიოზული დიალოგისკენ" მოუწოდა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა, მათ შორის, ობიექტებზე წვდომისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხებზე, ომის ნაცვლად მშვიდობის მიღწევას შეუწყობს ხელს."რეზოლუციის შინაარსის მიუხედავად, ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ. ეს ჩემი მოვალეობაა. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მსურს შევაფასო, წაადგება თუ არა რეზოლუცია პროცესს. თუ მას მიიღებენ, ის შექმნილი ვითარების ნაწილი გახდება. ჩვენ კი მუშაობას მაინც გავაგრძელებთ. რეზოლუციის მიუხედავად, ირანთან ჩემი საქმიანობა არ შეჩერდება. მე კონკრეტული მისია მაქვს და მისი შესრულება უნდა გავაგრძელო.ირანი კვლავ რჩება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოდ. მას გარკვეული ვალდებულებები აქვს და ეს ვალდებულებები არ გამქრალა.რა თქმა უნდა, გვესმის შექმნილი განსაკუთრებული ვითარება. სწორედ ამიტომ გადავდგით არაერთი ნაბიჯი კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ეხება ობიექტებზე წვდომას, ინფორმაციის დაცვას და სამხედრო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია. ჩვენ არ გვაქვს ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ხელს შეგვიშლის, მოვუსმინოთ ირანის პოზიციას და გამოსავლის პოვნა ვცადოთ. იმედი მაქვს, მათ ეს ახსოვთ.თუ ირანი ჩვენთან სერიოზულ დიალოგში ჩაერთვება, თუ შესაძლებელი გახდება ობიექტებზე წვდომის აღდგენა და მათი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხების გათვალისწინება, დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან დადებითი შედეგი ექნება. ამის გარანტიას გაძლევთ. ეს სხვა ქვეყნებსაც დაანახებს, რომ არსებობს პროცესი, რომელსაც დაცვა და მხარდაჭერა სჭირდება. ეს ხელს შეუწყობს მშვიდობას და არა ომს", - განაცხადა რაფაელ გროსიმ.ავტორი: ლუკა ჩლაიძე
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge