
ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronews
ევროკავშირი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გრენლანდიაში დამატებით 200 მილიონ ევროს ჩადებს ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად და ნედლეულის მოპოვების განვითარების მიზნით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრენლანდიაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, წერს euronews-ი.
"ჩვენ ვიცით, რომ არქტიკა გეოპოლიტიკის ტექტონიკური ფილების შეჯახების ერთ-ერთი ადგილი გახდა, ამიტომ ჩვენ პირდაპირ ვართ დაინტერესებული აქ მიმდინარე მოვლენებით", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ქალაქ ნუუკში.
მედიის ინფორმაციით, ფინანსური პაკეტის მიზანია, გააფართოოს ბლოკის გავლენა ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე, რომელიც დიდი ხანია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხედვის არეალში მოექცა.
როგორც euronews-ი იუწყება, 200 მილიონი ევროს საინვესტიციო პაკეტი სამ ძირითად მიმართულებაზე გადანაწილდება: ციფრული კავშირის განვითარებაზე, მათ შორის, წყალქვეშა კაბელებისა და სატელიტური ინფრასტრუქტურის მიმართულებით; სუფთა ენერგიაზე, განსაკუთრებული აქცენტით ჰიდროენერგიაზე და კრიტიკული ნედლეულის მდგრად მოპოვებაზე.
ტრამპმა ტრანსატლანტიკურ ალიანსში დაძაბულობა გამოიწვია თავისი მცდელობით - წაართვას გრენლანდია დანიის სამეფოს. დაძაბულობამ პიკს იანვარში მიაღწია, როდესაც ტრამპმა დანიაზე ზეწოლის გასაზრდელად ტარიფების გაზრდა დააანონსა.
მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა კრიტიკის გამო უკან დაიხია, თუმცა ვლისში ტრამპმა მოულოდნელად განაახლა კუნძულის ანექსიის ამბიციების შესახებ, რითაც აჩვენა, რომ ეს საკითხი მის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება. ორშაბათს, პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, რომელზეც გრენლანდია აშშ-ის კონტროლის ქვეშაა ნაჩვენები.
მედიის ინფორმაციით, ფონ დერ ლაიენმა ნუუკში ვიზიტის დროს ხაზი გაუსვა ევროპულ მხარდაჭერას იმ ფონზე, რასაც მან „უზარმაზარი ზეწოლა“ უწოდა, თუმცა ტრამპის სახელი არ უხსენებია.
"ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიის სამეფოსა და გრენლანდიის მოსახლეობას. ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. გვინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადოთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ გრენლანდიის მომავალს გრენლანდიისა და დანიის მოსახლეობა გადაწყვეტს. სხვა არავინ. ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საზღვრების ხელშეუხებლობა - ეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მადლობა გადაუხადეს ფონ დერ ლაიენს თავისი სიტყვებისთვის.
"გრენლანდიას სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირს სჭირდება გრენლანდია. მე მტკიცედ მჯერა ამის. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება", - თქვა ნილსენმა.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენი პოზიცია ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ ეს გვჭირდებოდა და ახლაც გვჭირდება, მადლობას გიხდით ამისთვის", - უთხრა ფრედერიკსენმა ფონ დერ ლაიენს.
ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანია მზად არის, არქტიკასთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც აშშ-სთან, ისე ევროპასთან.
ცნობისთვის, ეს არის რეგიონი, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge