
დეზინფორმაციული კამპანია - სპეკულაციები დავით გარეჯთან დაკავშირებით და სახელისუფლებო გუნდის პასუხი
სპეკულაციები და დეზინფორმაციული კამპანია დავით გარეჯთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდმა უკვე გაშიფრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტყუილს, რომელიც ლაზარე ჯორბენაძის მეშვეობით გავრცელდა და ირაკლი ღარიბაშვილმა გამოიყენა, თავად "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტისა და ჯორბენაძის ინტერვიუც ამხელს. საუბარია აუდიო ჩანაწერზე, სადაც ლაზარე ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ გასულ წელს ხელისუფლებამ ფარულად მოაწერა ხელი აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას, რაც პრემიერ-მინისტრის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუს აუდიო ვერსია, "იმედის კვირამ" გაავრცელა. ჩანაწერით ირკვევა, რომ ჯორბენაძეს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. არ ფლობდა დოკუმენტს ან კონკრეტულ მტკიცებულებას, რომლითაც ტერიტორიების გასხვისების საკითხს დაადასტურებდა.
მკაფიოდ ჩანს ისიც, რომ ჯორბენაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საეჭვოდ არაერთხელ მიიჩნია თავად ჟურნალისტმაც, რადგან დიტო ჩუბინიძის დამაზუსტებელი შეკითხვების მიუხედავად, ლაზარე ჯორბენაძეს ერთმანეთში ერეოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები, ციფრები თუ იმ ტერიტორიის საერთო ფართობი, რომელზეც თავად საუბრობდა.
მმართველი ძალისთვის, ამ აუდიო ინტერვიუს გავრცელებამდეც ცხადი იყო, რომ კონსპირაციული თეორია კონკრეტული მიზნით და კონკრეტული პირების დაკვეთით აიგო. "ქართულ ოცნებაში" ეჭვობენ, რომ ღარიბაშვილი იყო მაპროვოცირებელი იერიშის, რომელიც მსჯავრდებულმა ოპოზიციასთან ერთად, თვითმკვლელობის დადასტურებული ფაქტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით ყოფილ თანაგუნდელებზე მიიტანა.
შეკითხვების მთავარმა ადრესატმა კი ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში არაფერი თქვა ლაზარე ჯორბენაძის საეჭვო ინტერვიუსთან დაკავშირებით. პასუხი არც ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაუცია. გამიჯვნის ნაცვლად ირაკლი ღარიბაშვილი უფრო შორს წავიდა და ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, ამჯერად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაცვაზე გადავიდა.
კონკრეტულმა პირებმა ოპოზიციიდან ღარიბაშვილის რიტორიკა სრულად გაიზიარეს. ერთ-ერთი ბოლო მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელმაც რუსთავის ციხის მსჯავრდებულ მეზობელს დღეს ქმედებები მოუწონა და დაწერა, რომ მის საქციელს კონკრეტული შედეგიც მოჰყვა.
ამ საჯარო განცხადების საფუძველზე, საგამოძიებო უწყებას მიხეილ სააკაშვილი არ გამოუკითხავს, თუმცა გამოკითხა სააკაშვილის ძველი თუ ახალი თანაგუნდელები, მათ შორის, სხვა პოლიტიკოსები ოპოზიციიდან. ყველამ, ვინც ღარიბაშვილის პოზიცია უაპელაციოდ გაიზიარა, მოგვიანებით აღიარა, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე თუ მის არსებობაზე არაფერი იცის. დღეს კი, ჯორბენაძის საეჭვო ინტერვიუზე საუბარს თავი სხვადასხვა მიზეზით აარიდეს.
ღარიბაშვილის მიზანი უმრავლესობისთვის უკვე ცნობილია - სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს და გადაფაროს დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც მმართველი გუნდის თქმით, კორუფციაში მხილებულს არც ამჯერად გამოუვა.
არგუმენტები და მტკიცებულებები ირაკლი ღარიბაშვილს არც საგამოძიებო უწყებისთვის წარუდგენია, სუიციდის დადასტურებული ფაქტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემდეგ, არც დანარჩენ 9 პირს ოპოზიციიდან. გამოკითხვის პროცესი მიმდინარე კვირაში ისევ გაგრძელდება.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის პენიტენციურ დაწესებულებაში 5-წლიან სასჯელს კორუფციული დანაშაულისთვის იხდის და კიდევ ერთ საქმეზე გადაწყვეტილების მოლოდინშია. მას ამჯერად ქართული ჯარისთვის 7 მილიონამდე მიყენებული ზარალისა და ქრთამის აღებას ედავებიან. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში კი, 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge