
საქსონია-ანჰალტის არჩევნებში პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" გაიმარჯვა - ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ლიბერალური ძალების მმართველობა ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ დაასრულა | Rustavi2
"ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება - ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ლიბერალური ძალების მმართველობა ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ დაასრულა. დამაჯერებელი უპირატესობა ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საქსონია-ანჰალტის მიწაზე მთავრობას მხოლოდ AfD, კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს.
ეკონომიკური სტაგნაცია, მაღალი ფასები, მიგრაცია და ბერლინის საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილება. ხალხისთვის მნიშვნელოვან სწორედ ამ თემებზე ააგო AfD-მ წინასაარჩევნო კამპანია და შედეგიც მიიღო. პარტიისთვის საქსონია-ანჰალტში მიღწეული წარმატება, ახლა მხოლოდ რეგიონული გამარჯვება არ არის.
ვაიდელის განცხადების მთავარი ადრესატი ფრიდრიხ მერცია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კანცლერი თანაგუნდელებთან ერთად "ალტერნატივა გერმანიას" აკრძალვით ემუქრებოდა. დაუსრულებელი მუქარის ფონზე, მოხდა ის, რაც მოხდა. "ქრისტიან-დემოკრატებმა" მხარდამჭერების ნახევარზე მეტი დაკარგეს და ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირეს. შედეგად, ისინი, ვინც ორი დღის წინ ოპოზიციურ პარტიას გაუქმებით აშანტაჟებდნენ, დღეს "ალტერნატივა გერმანისთვის" გუნდს გამარჯვებას ულოცავენ.
საქსონია-ანჰალტის ადგილობრივი ლიდერებისგან განსხვავებით, მომხდარს უფრო მწვავედ შეხვდა თავად ფრიდრიხ მერცი. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სხვა ლიდერებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, დიდ ზეწოლას განიცდის. პრესა წერს, რომ მერცმა კარგად იცის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება მხოლოდ ერთ რეგიონს არ ეხება და შესაძლოა, მთელი ქვეყანა მოიცვას. ამიტომ, ის დიპლომატიურ საუბარს კვლავ მუქარის ენას ამჯობინებს.
მერცის განცხადებების პარალელურად, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ AfD-ის გამარჯვება ევრობიუროკრატიის მარცხიცაა. ისლანდიის შემდეგ, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა, ბრიუსელმა უარი მის ლიბერალურ პოლიტიკაზე, უკონტროლო მიგრაციასა და ომის დაუსრულებელ დაფინანსებაზე გერმანელი ხალხისგანაც მიიღო. ამიტომაც, საქსონია-ანჰალტში გამარჯვების შემდეგ AfD-ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ მიგრაციის პოლიტიკა რჩება.
საქსონია-ანჰალტში "ალტერნატივა გერმანიისთვის" ისტორიულ შედეგს აფიქსირებს. AfD-მ ხმების 43.8% მიიღო და მმართველ "ქრისტიან-დემოკრატებს", რომელთა მხარდაჭერაც 17.2%-მდე შემცირდა, დიდი სხვაობით გაუსწრო. არჩევნებზე აქტივობამ 77.8% შეადგინა.
კონსერვატიული ძალა ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლასაც აპირებს, მიზნად კი სუვერენული მთავრობის ჩამოყალიბებას ისახავს, რომელიც არა ბრიუსელის, არამედ ბერლინის გადაწყვეტილებით იმართება.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge