
13 წუთიანი უწყვეტი ოვაციები - მარტინ მაკდონაჰის ნამუშევარს კრიტიკოსები ოქროს ლომის მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ, ჯონ მალკოვიჩს კი "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენ
13 წუთიანი უწყვეტი ოვაცია დარბაზში და ემოციური ჯონ მალკოვიჩი - ვენეციის 83-ე ფესტივალზე წლის მთავარი პრემიერა შედგა. "სალა გრანდეში" შეკრებილი მაყურებელი მარტინ მაკდონაჰის ახალმა ნამუშევარმა პირველივე წუთებიდან მოხიბლა.
"ველური ცხენი ცხრა" - მას კრიტიკოსები ოქროს ლომის მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ, 72 წლის ჰოლივუდის ლეგენდას კი მთავარი როლისთვის პირველ "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენ.
ფილმში სემ როკველი და ჯონ მალკოვიჩი CIA-ს აგენტებს განასახიერებენ, რომლებიც 1973 წლის გადატრიალებამდე ცოტა ხნით ადრე, სანტიაგოდან აღდგომის კუნძულზე მიემგზავრებიან. ჯონ მალკოვიჩის პერსონაჟი - კრისი, მძიმე სენით დაავადებული კაცია, სემ როკველის პერსონაჟი კი, მისი მეწყვილე და ერთადერთი მეგობარი. ფილმი გაჯერებულია შავი იუმორით.
"ველური ცხენი ცხრა" კინოს ისტორიაში მეორე ფილმია, რომელიც აღდგომის მისტიკურ კუნძულზე გადაიღეს. რეჟისორს ადგილობრივებთან ერთწლიანი მოლაპარაკება დასჭირდა.
70-იანი წლების რეტროავტომობილები და აპარატურა, კუნძულზე სპეციალური გემებით ჩაიტანეს. მოაის გიგანტური ქანდაკებების ფონზე განვითარებული ამბის რამდენიმე ვერსია არსებობდა, საბოლოოდ კი, რეჟისორმა ისტორია პერსონაჟების შინაგან სამყაროზე ააგო.
მარტინ მაკდონაჰს კინოფესტივალებზე წარმატებების დიდი გამოცდილება აქვს. მისი რამდენიმე ფილმის პრემიერა სწორედ ვენეციის ფესტივალზე შედგა. მოგვიანებით კი ოსკარის არაერთი ნომინაცია დაიმსახურა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა "ველური ცხენი ცხრა" ჯონ მალკოვიჩისთვის პირველი "ოსკარის" მომტანი გახდეს, მსახიობმა მოკრძალებულად უპასუხა.
ფილმის პრემიერამდე ვარსკვლავური შემადგენლობა წითელ ხალიჩაზე პოზირებდა. საღამოს ყველაზე დასამახსოვრებელი სტუმარი სწორედ მალკოვიჩი აღმოჩნდა. მსახიობმა "დიორის" სამოსი მოირგო და ექსცენტრიკული სტილით ერთდროულად კინოსა და მოდის კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge