
საქართველოს პრეზიდენტმა, პირველ ლედისთან ერთად, ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულეს.
საქართველოს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და მის მეუღლეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ უმასპინძლა.
მეუფე დიმიტრიმ სტუმრებს კომპლექსის ინფრასტრუქტურა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო.
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ კომპლექსის ბაზაზე მოქმედი წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაც დაათვალიერეს, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 120-მდე მოსწავლეს აერთიანებს. გიმნაზიაში შექმნილია უნიკალური გარემო, სადაც მოზარდთა აკადემიური განათლება, სულიერი აღზრდა და შემოქმედებითი უნარების განვითარება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილმა და თამარ ბაგრატიონმა გიმნაზიაში არსებული საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცეები, მათ შორის კინოთეატრი და მოზაიკის სახელოსნო მოინახულეს.
წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი საგანმანათლებლო და სამონასტრო სივრცეებს აერთიანებს. მისი საქმიანობა ახალგაზრდა თაობის სულიერ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით აღზრდას ემსახურება.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge