
ფინეთის პრეზიდენტის განცხადება და "ქართული ოცნების" შეფასებები
ფინეთის პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ უკრაინის არმია ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტი და შემაკავებელი ფაქტორია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინა დღეს მთელი კონტინენტის ხელშეუხებლობის მთავარი საყრდენია.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დასავლელი ლიდერები უკვე ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რაზეც თბილისში ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი რეალურად გეოპოლიტიკურ ბუფერად იქცნენ და რომ არა პრაგმატული და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, იგივე ბედს საქართველოც გაიზიარებდა.
ფინეთის პრეზიდენტის განცხადების და უკრაინის მისამართით ევროპის დამოკიდებულების შეფასება ოპოზიციას არ უნდა. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ დასავლეთის ეს მიდგომა საომარი მოქმედებებით გაამართლონ.
დასავლელი ლიდერების და ამ შემთხვევაში, ფინეთის პრეზიდენტის განცხადების უკან რომ ევროპის ინტერესები იკვეთება, საპარლამენტო უმრავლესობაში საუბრობენ. ამბობენ, რომ ევროპას არც უკრაინაში მიმდინარე ომი აღელვებს და არც უკრაინელი ხალხის მდგომარეობა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა საქართველოში მშვიდობის გარანტია.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge