
ტყეში დამალული 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოღებულია, ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს - სპეცოპერაცია სოფელ ბანოჯაში
მიწიდან ამოღებული ნივთმტკიცებები 12 კილოგრამამდე "მეტადონია", საღეჭი რეზინის ქაღალდებით მონიშნულ შეფუთვებში კი "ჰაშიშია". ნარკოტიკული საშუალება 28 კილოგრამამდე იწონიდა.
12 კილოგრამამდე "მეტადონი" და 28 კილოგრამამდე "ჰაშიში" ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარად არის შეფასებული. ტყეში დამალული ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი აღკვეთილია, ნარკოდანაშაულისთვის კი უკრაინის ორი მოქალაქეა დაკავებული.
ორგანიზებული ჯგუფის კვალზე პოლიცია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად გავიდა. დაკავების ღონისძიება სოფელ ბანოჯაში ჩატარდა. მანამდე კი სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშავეების გადაადგილების მარშრუტი შეისწავლეს და ის სქემა გაშიფრეს, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოქმედებდნენ.
"კურიერმა" ნარკოდანაშაულის მასშტაბური სქემის დეტალები გაარკვია. უკრაინის მოქალაქეები ნარკოტიკების გავრცელების სქემაში აქტიურად იყვნენ ჩართულები, მოქმედებდნენ სხვადასხვა რეგიონში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტადონს და ჰაშიშს მიტოვებულ ადგილებში ტოვებდნენ, ნარკოტიკის გასავრცელებლად კი სხვებს, ე.წ. დამდებებს იყენებდნენ.
ე.წ. დამდებები სამალავებთან მიდიოდნენ, ჯერ კიდევ დაუფასოებელ "მეტადონს" და "ჰაშიშს" იღებდნენ, კონკრეტული რაოდენობის მიხედვით აფასოებდნენ, დასადებად ამზადებდნენ და კლიენტებს უტოვებდნენ. გასაყიდი ნარკოტიკი პოლიციამ მანამდე ამოიღო, ვიდრე გაავრცელებდნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრების დასაკავებლად პოლიცია სოფელ ბანოჯაში იყო მობილიზებული. ნარკოტიკული საშუალებები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პირადი ჩხრეკის დროსაც აღმოაჩნდათ. ორივე ქუთაისში დროებით ცხოვრობდა. მეზობლები მდგმურებს არ იცნობდნენ, ადგილობრივების თქმით, მათ კონტაქტი არავისთან ჰქონდათ.
ორგანიზებული ჯგუფის ორი წევრი დუმილის უფლებას იყენებს. ვინ იყვნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მოკავშირეები, ეს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაირკვევა. პოლიცია მათი ვინაობის დასადგენად ამ დრომდე კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
უკრაინის მოქალაქეებს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და ორივე მათგანი ორთვიან პატიმრობაში დატოვა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge