
ლევან მახაშვილი: გამჭვირვალობის გარეშე არ არსებობს დემოკრატია და ვინც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არ არის კარგი, სინამდვილეში მისთვის დემოკრატიაც არაფერს არ ნიშნავს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის დემოკრატიის აუცილებელი პირობა.
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ როდესაც გარედან ფული შემოდის, საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს, თუ რა მიზნით შემოდის უცხოური დაფინანსება ქვეყანაში. მახაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარი ეხება არა პოლიტიკური საქმიანობის ან უცხოური ფულის აკრძალვას, არამედ პროცესის საჯაროობასა.
"მე მგონი, ყველანი ვთანხმდებით, რომ ერთი წამით რომ დავივიწყოთ პოლიტიკა, სად ვდგავართ, რისი გვჯერა - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როდესაც გარედან ფული შემოდის. აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ პოლიტიკაში რამე იკრძალება ან ა.შ. პოლიტიკაშიც იმოძრაონ ამ ადამიანებმა თუ პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა, ფულიც მისცენ, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ ფულს რომ აძლევ მოსახლეობას გამჭვირვალედ აუხსნან რას აძლევენ, რაში აძლევენ, რაში უხდიან ამ ფულს, ამაზეა აქ საუბარი, თორემ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ან პოლიტიკური საქმიანობა ავკრძალოთ, ან უცხოური ფულის ქვეყანაში შემოტანა. რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს უფლება, იცოდეს რა ფული შემოდის და ამაზე ნელ-ნელა მთელი მსოფლიო თანხმდება, დემოკრატიული სამყარო მინიმუმ, რომ დიახაც გამჭვირვალობა ეს არის დემოკრატიის აუცილებელი პირობა, ფუნდამენტური პირობა. გამჭვირვალობის გარეშე არ არსებობს დემოკრატია და ვინც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არ არის კარგი, სინამდვილეში მისთვის დემოკრატიაც არაფერს ნიშნავს და დემოკრატია არის ერთგვარი საფარი, ასე ვთქვათ, თავისი რაღაც სხვა ფარული დღის წესრიგის გასატარებლად. ასე, რომ გამჭვირვალობა რაიმე აკრძალვა კი არ არის, ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილი და ღირებულება," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge