
შალვა პაპუაშვილი: ზოგადად, NGO - არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის გამოგონილი ტერმინი, ე.წ. ახალი დემოკრატიებისთვის, განსაკუთრებით, პოსტ სოციალისტური ქვეყნებისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" აცხადებს, რომ ტერმინები NGO, "არასამთავრობო ორგანიზაცია" და "სამოქალაქო საზოგადოება" - ხელოვნურად გამოგონილი ტერმინებია, რომლებიც პოსტ სოციალისტური ქვეყნებისთვის შექმნეს.
"ზოგადად, ეს ტერმინი NGO - არასამთავრობო ორგანიზაცია, არის გამოგონილი ტერმინი, ე.წ. ახალი დემოკრატიებისთვის, განსაკუთრებით, პოსტ სოციალისტური ქვეყნებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებაც გამოგონილი ტერმინია სწორედ "ჩვენნაირი ქვეყნებისთვის", იმისათვის, რომ ჩვენ დემოკრატია გვასწავლონ. თუ შეხედავთ ევროპას, იგივე გერმანული სივრცე რომ ავიღოთ, NGO და სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ ინგლისურიდან მოთარგმნილი სიტყვაა, ასეთი სიტყვა არც ჰქონდათ გერმანიაში.
რაც არის ნორმალურ დემოკრატიებში - არის პროფესიული გაერთიანებები, ინტერესების ლობირების ჯგუფები, შეიძლება იყოს ექიმების გაერთიანება, სხვადასხვა აკადემიური გაერთიანება, რომელიც თავის ინტერესს წარმოადგენს და ეს არის სწორედ ჯანსაღი წარმომადგენლობა. როდესაც არის პირობითად ექიმების ასოციაცია, როდესაც არის მონადირეთა კლუბი, მაგალითად, ადვოკატთა ასოციაცია, ყველაზე გამართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, ასე ვთქვათ, რომელიც შედგება ადვოკატებისგან, ირჩევს წარმომადგენლობას და საკუთარი ადვოკატების ინტერესებს წარმოადგენს ყველას მიმართ. ჩვენთან ამის ნაცვლად, ამ NGO-ების გამოგონილი სისტემის თავსმოხვევით, შექმნეს ყველაფრის მკეთებელი NGO-ები, რომლებსაც სახელად ჰქვიათ სამართლიანი არჩევნები და დაკავებული არიან ეკონომიკური საკითხებითაც, დემოკრატიით, არჩევნებით, ყველა საკითხით, რაც კი შეიძლება იყოს. ნებისმიერი რომ აიღოთ - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და ა.შ. მათ შორის ბატონი ვახუშტი რომელ ორგანიზაციაშიც იყო, ყველაფერს მოდებულები, რომლებიც დახელოვნებული იყვნენ გრანტის განაცხადების წერაში, გარკვეული ნდობა და ურთიერთობა ჰქონდათ დონორებთან, შესაბამისად ყველაფერში ჩართული, ყველა საკითხში ჩართულები იყვნენ. არავის არ წარმოადგენდნენ, არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდათ,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge