
მაია ბითაძემ, თელავის ისტორიულ მუზეუმში, არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თელავის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა. მინისტრი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან კახეთის მხარეში გიორგი თუშიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ ვაჟა მაღრაძესთან ერთად, მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მუზეუმის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლისგან, ანა მაისურაძისგან მოისმინა.
თელავის ისტორიული მუზეუმი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შესწავლასა და პოპულარიზაციაში.
"თელავის ისტორიულ მუზეუმში, 2012 წელს,სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა; 2018 წელს მუზეუმი სრულად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაიხსნა. აქ რეგულარულად იმართება გამოფენები და არა მარტო - მუზეუმი მასპინძლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებას. ამავდროულად, მუზეუმს აქვს გარკვეული საჭიროებები, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრეთ. რეაბილიტაციას საჭიროებს ძეგლების ნაწილი, გარდა ამისა, დამატებით განსახორციელებელია კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული მიმართულების სამუშაო. დავიწყებთ არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას. ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია და შესაბამისი სივრცეებში პირობების შექმნა აუცილებელია მუზეუმის კოლექციების სათანადო დაცვისთვის, ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებისა და მისი კულტურული და საგანმანათლებლო როლის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ჩვენი მიზანია, მუზეუმების ინფრასტრუქტურა განვითარდეს ისე, რომ შეიქმნას ვიზიტორებზე ორიენტირებული, თანამედროვე და ხელმისაწვდომი გარემო", - აღნიშნა მაია ბითაძემ.
2027 წლის 7 ნოემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება. საიუბილეო წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობის განხორციელება.
მინისტრთან ერთად თელავის მუზეუმში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge