
გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდს უკავშირდება, დაცვის მხარის მოწმე, მაია ცქიტიშვილი დაიკითხა
სასამართლოში, გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდს უკავშირდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დაიკითხა. ის დაცვის მხარის მოწმეა.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესზე გიორგი გახარიას დისტანციურად დაკითხვა მოითხოვა.
"თითქოს, ერთპიროვნულად, გიორგი გახარიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არავინ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დაადასტურა ქალბატონმა მაიამ, რომ აგვისტოს დასაწყისში, ვიდრე აღიმართებოდა საგუშაგო ჩორჩანაში, ქალბატონ მაიასთან ჰქონდა კომუნიკაცია გიორგი გახარიას, რომელსაც სთხოვა საგუშაგოსთან მისასვლელი გზების გაყვანა, რადგან იქ არსებული ვითარება იყო საგანგაშო. ვითხოვთ გიორგი გახარიას დისტანციურ დაკითხვას", - აცხადებს ბერდია სიჭინავა.
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, მაია ცქიტიშვილმა სასამართლო პროცესზე ნათლად დაადასტურა, რომ მან ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით შეიტყო საჯაროდ, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციიდან.
"მაია ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ ის არ ესწრებოდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომებს, ვინაიდან არ იყო აღნიშნული საბჭოს წევრი. შესაბამისად, ამ საბჭოზე რა განიხილეს, მისთვის უცნობია, თუმცა ამ საბჭოზე რა იყო განხილული, ეს უკვე საბჭოს წევრებისგან ჩვენ ვიცით და ვიცით, რომ ჩორჩანას საკითხი არ განხილულა. გზის გაყვანასთან დაკავშირებით იყო მისთვის ცნობილი, თუმცა გზის გაყვანა ხდება, მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონებში და სხვა მოწმეებმაც განაცხადეს, რომ გზის გაყვანა რომელიმე კონკრეტულ ლოკაციაზე ავტომატურად საგუშაგოს აღმართვას არ ნიშნავს. ასევე, დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა, რომ ძებნილი, ბრალდებული გიორგი გახარია დისტანციურად დაკითხულიყო, რაზეც ბრალდების მხარეს ჰქონდა შესაბამისი პოზიცია, დასაბუთებული. სასამართლომ აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შუამდგომლობას და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა", - განაცხადა პროკურორმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge