
პრემერი: არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება მონანიებით, რაც გააკეთა 8 ადამიანმა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში
ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი, მათ შორის იმ ადამიანების ბედიც, რომლებიც იყვნენ ჩართული ძალიან მძიმე ძალადობრივ აქტებში, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ ჰუმანური განცხადება, მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველას მივეცით გათავისუფლების შესაძლებლობა, ვინც მოინანიებდა დანაშაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზოგიერთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ ადამიანები, ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიეცათ შეწყალების შესაძლებლობა, ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება და აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის.
"ეს ყველაფერი მთლიანობაში ოპოზიციის სახეზე მეტყველებს, თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორი იყო მათი სტრატეგია. თავად იმალებოდნენ ხოლმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როდესაც ისინი აქეზებდნენ კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ, შემდეგ ხდებოდა მოძალადეების დაპატიმრება და ისინი იყვნენ გამქრალი. დღესაც წარმოიდგინეთ, რომ საუბარია ადამიანებზე, მათ შორის უმეტესობა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება, მარტივად მონანიებით, რაც გააკეთა ამ შემთხვევაში 8 ადამიანმა, თუმცა აქაც კი წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში. არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი, არც არაფერი. ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი, მათ შორის იმ ადამიანების ბედიც, რომლებიც იყვნენ ჩართული ძალიან მძიმე ძალადობრივ აქტებში, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ ჰუმანური განცხადება, მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველას მივეცით გათავისუფლების შესაძლებლობა, ვინც მოინანიებდა დანაშაულს. ზოგიერთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ ადამიანები, ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიეცათ შეწყალების შესაძლებლობა, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ეს აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და ამ რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათთვის არ არსებობს არც ჰუმანიზმი, არც ადამიანის ინტერესების გათვალისწინება, არც არაფერი, ჩვენ ვმოქმედებთ ჰუმანურად მაშინაც კი, როდესაც არიან ადამიანები, რომლებიც მძიმე ძალადობრივ დანაშაულში არიან მხილებული", - განაცხადა პრემიერმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge