მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ქალაქ ცინგტაოში გამართულ "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა | Rustavi2
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში გამართულ "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ღონისძიების მიზანი ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაა. მინისტერიალის წლევანდელი თემა კი "ინოვაციური მიღწევების გაზიარება, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო მომავლის ერთობლივად შენება" იყო.
როგორს სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილის განაცხადა, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა ეკონომიკური ჩართულობის კიდევ უფრო გასაფართოებლად.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მხარეები დადებითად აფასებენ ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივას, რაც უპირველესად განახლებად ენერგიას, ენერგიის დაგროვებასა და თანამედროვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება. ვიცე-პრემიერმა ასევე თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა "სარტყელი და გზის ინიციატივაში" საქართველოს ადრეულ ჩართულობას და მისი მხარდაჭერის გაგრძელებას.
"საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა "სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. ჩვენ აღნიშნულ ინიციატივას განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
