USAID-ის ფაილები USAID-ის წინააღმდეგ - დოკუმენტები დეტალურად აღწერს, როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას, მათ შორის საქართველოში
248 ფაილი და პროპაგანდისტული ქსელის მამხილებელი 2160 გვერდი - USAID-ის ამ შიდა ანგარიშებში ნათლად ჩანს თუ რას აფინანსებდა რეალურად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში. 2008 წლიდან, 2025 წლამდე USAID-მა 26 მილიონი ამერიკული დოლარი გრანტად ერთი მიზნისთვის გამოყო - არჩევნები და პოლიტიკური პროცესები. ორგანიზაციამ ქართული ენჯეობის ქსელიც შექმნა. გასაჯაროებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ ქსელის მეშვეობით ორკესტრირებულად ხდებოდა იმ საკითხებისა და გზავნილებს გაჟღერება, რომელიც თავად სჭირდებოდათ. პარალელურად კი მედია სივრციდან აქრობდნენ და დისკრედიტაციას უწევდნენ მათთვის არასასურველ ინფორმაციას და გამოცემებს. ფაქტებით დასტურდება, ორკესტრირებული ბრძოლა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, ომის რომანტიზება და ფერადი რევოლუციების მოწყობის არაერთი მცდელობა.
მოსყიდული ენჯეოები და რევოლუციური სცენარები USAID-ის ფაილებში - თბილისისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია კონკრეტული ფაქტებით ამტკიცებს, რომ გლობალური ძალები, დონორი ორგანიზაციების გამოყენებით ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებების განვითარებას ცდილობენ. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ დღეს პრემიერ-მინისტრმა ის მოვლენებიც გაიხსენა, რაც გამჭვირვალობის კანონის მიღებას წინ უძღოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, USAID-ის რეალური საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა მმართველი გუნდის პოლიტიკის სისწორე კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ვინ ედგა სათავეში ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის წინააღმდეგ ბრძოლას. USAID-ის ფაილებში ვკითხულობთ რომ 13 ქართული ენჯეოს ქსელს ბრიტანული კომერციული კომპანია "ზინკ ნეტვორკი" ხელმძღვანელობდა. ის იღებდა დაფინანსებას USAID-სგან , შემდეგ კი ანაწილებდა ისეთ არასამთავროებზე, როგორიცაა "ისფედი", "აიდიეფაი", "ფრანკლინის კლუბი", "მედიის განვითარების ფონდი" და სხვა. ახორციელებდა პროგრამების მართვასა და კოორდინაციას. ზინკი თანამშრომლობდა "მეტასთანაც", რაც სოციალურ ქსელებიდან განსხვავებული აზრის მასიურ გაქრობას გულისხმობდა. აქ მთავარი მისია, სწორედ არასამთავრობოებს ჰქონდათ. ენჯეოების კოალიციის საქმიანობა მხოლოდ ფაქტების გადამოწმებას არ გულისხმობდა და მოიცავდა ალტერნატიული ნარატივების შექმნას, აუდიტორიის ღირებულებებზე აპელირებასა და USAID-სთვის სტრატეგიული, მათ შორის ანტისახელისუფლებო საინფორმაციო კამპანიებს.
ქართული ენჯეოების საქმიანობა განსაკუთრებით აქტიურდება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. დოკუმენტების თანახმად, ამ ორგანიზაციებს კონკრეტული დავალებები ჰქონდათ მიღებული. მათ შორის არის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოება. თბილისში მიმდინარე ძალადობრივი აქციების ფონზე ისეთი ნარატივების გავრცელება, რაც ხელს შეუწყობდა კანონის მარგინალიზებას. ფაილების გავრცელების შემდეგ, მეტი დეტალის გასარკვევად დოკუმენტებში ნახსენებ ენჯეოებთან დაკავშირება "კურიერმა" სცადა. ნაწილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ვინც უპასუხა, ან ფაქტები უარყო ან "კურიერის" ჟურნალისტთან მუქარით საუბარი ამჯობინა.
გამოქვეყნებული ფაილები ენჯეოების რეალურ მიზნებს ამხელს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, USAID-თან ერთად, დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასაც ეკისრება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებზე პაველ ჰერჩინსკი სწორედ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებთან ერთად ცდილობდა ქართველ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას. რისი ერთადერთი მიზნით, ხელისუფლებაში ოპოზიციის მოყვანა იყო. პაპუაშვილმა ამ თემაზე ვრცელი განცხადება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
USAID-ის სკანდალურ დოკუმენტებზე კონკრეტულად არ საუბრობენ ოპოზიციაში. მიუხედავად გამოქვეყნებული მტკიცებულებებისა ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ, დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას დადასტურება სჭირდება.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დღეს როგორც არასდროს გამოიკვეთა გამჭვირვალობის კანონის მნიშვნელობა და როლი. "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, USAID-ის ფაილებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა მიზნების განხორციელება სურდათ საქართველოში ე.წ მდიდარ ენჯეოებს.
სკანდალური მასალები შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ედუარდ კორი-სტაინმა გამოაქვეყნა და ილონ მასკმა გააზიარა. დოკუმენტები დეტალურად აღწერს, როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას, მათ შორის საქართველოში.
