[VIDEOS] მამუკელაშვილის 13 წუთი ყოფილ გუნდთან და დონჩიჩის დაპირისპირება მწვრთნელთან და ქომაგთან - "ლეიკერსი" "სან ანტონიოსთან" დამარცხდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "სან ანტონიო სპურსთან" 96:99 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ "ლეიკერსმა" შეხვედრის პირველი ტაიმი 54:38 მოიგო, მეორე ნახევარში სტეფონ ქესლისა და ვიქტორ ვემბანიამას კარგი თამაშის წყალობით ტეხასელებმა ქამბექი შემოგვთავაზეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.
სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოედანზე 13 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა.
მართალია, შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლუკა დონჩიჩი იყო (31 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი პასი), თუმცა სლოვენიელმა მეორე ტაიმი ჩააგდო. ლუკამ პერიმეტრიდან ნასროლი 13 სროლიდან კალათში მხოლოდ ერთი მოათავსა და ნერვებმაც რამდენჯერმე უმტყუნა. ჯერ კამერების წინ "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტს დაუპირისპირდა, რომელსაც ხელი არ ჩამოართვა და უყვირა. მატჩის შემდეგ კი "სან ანტონიო სპურსის" ფანთან იკამათა.
"სან ანტონიოდან" სტეფონ ქესლმა 26 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი დააგროვა, ვიქტორ ვემბანიამამ კი 25 ქულა, 16 მოხსნა, 2 ასისტი და 2 დაფარება მიითვალა.
"ლეიკერსი" 15 მოგებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. კალიფორნიელები მორიგ შეხვედრას 30 ნოემბერს, "მემფის გრიზლსის" წინააღმდეგ გამართავენ.
"სან ანტონიო" 16 გამარჯვებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ტეხასელები 30 ნოემბერს "ბოსტონ სელტიქსს" დაუპირისპირდებიან.
![[VIDEOS] მამუკელაშვილის 13 წუთი ყოფილ გუნდთან და დონჩიჩის დაპირისპირება მწვრთნელთან და ქომაგთან - "ლეიკერსი" "სან ანტონიოსთან" დამარცხდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fsportall.ge%2Fmedia%2Fuploads%2F2026%2F11-28%2Fdchichi-1795849558.jpg&w=3840&q=75)