[VIDEO] უდიდესი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დამაჯერებლად დაამარცხა!
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა შინ პორტუგალიის ნაკრები 92:78 დაამარცხა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, რიდი, ჯინჭარაძე, შენგელია, ტურძილაძე.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში კარგად დავიწყეთ, პირველი მეოთხედის მიწურულს პორტუგალიის ნაკრებმა 8:0 გაქცევა მოგვიწყო, რაშიც დიდი როლი ტრავანტე ვილიამსმა ითამაშა. სტუმართა უკანახაზელმა არაერთი რთული ბურთი ჩაგვიგდო და მეოთხედი 15:24 წავაგეთ.
მეორე მეოთხედში პორტუგალიელები პერიმეტრიდან კვლავ ზუსტად გვიტევდნენ. ალექსანდრე მერკვილაძემ და გიორგი კორსანტიამ სათადარიგოთა სკამიდან საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანეს, ალექსანდრემ მეორე მეოთხედში სამი სამქულიანი ჩააგდო და მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე შევამცირეთ.
დიდი შესვენების შემდეგ შესანიშნავად დავიწყეთ და მეტოქეს 10:0 გაქცევა მოვუწყვეთ, ჯიკიჩის გუნდმა თამაშს განსაკუთრებით დაცვაში მოუმატა. მარკის რიდი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და როგორც ჩაჭრებით, ასევე შეტევაში შედეგიანი თამაშით წინ დამაჯერებლად, 10-ქულიანი სხვაობით გავედით.
მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებს ლიდერობა აღარ დაუთმია და გუნდური თამაშით მეტოქეს შეხვედრის შემოტრიალების შანსი არ დაუტოვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარკის რიდი გახდა. მან 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 32 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ალექსანდრე მერკვილაძემ 17 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი, რატი ანდრონიკაშვილმა 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და პირველ ჯგუფში ამ მომენტისთვის ლიდერია.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი მორიგ შეხვედრას 26 თებერვალს, სტუმრად, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს.
![[VIDEO] უდიდესი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დამაჯერებლად დაამარცხა!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fsportall.ge%2Fmedia%2Fuploads%2F2026%2F11-29%2Ftornike-shengelia-1795972175.jpg&w=3840&q=75)