ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“
„კრიმინალური ავტორიტეტი“ ვატო ყიფიანის, ავთანდილ (კაწრო) ბილანიშვილისა და შოთა ყიფიანის „რესტორანში ჯგუფური ძალადობის საქმე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. სამივენი პატიმრობაში რჩებიან.
ეს ის საქმეა, რის გამო დაკავების შემდეგაც სამეული აღმოჩნდა გლდანის ციხეში, – იმ საკანში, სადაც, წარდგენილი მეორე ბრალდების თანახმად, ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატო ყიფიანის დიდი ხნის მეტოქეს, დავით ფეიქრიშვილს.
ამჟამად გამოძიება ორივე რეზონანსულ საქმეზე გრძელდება. არის თუ არა შანსი, გამოძიებამ გამოკვეთოს, რომ ყიფიანებისა და ბილანიშვილის მიერ რესტორანში ხანშიშესული კაცის ცემა წინასწარი იყო დაგეგმილი?
მტკიცებულებები დასაშვებად ცნეს
25 ნოემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო „სრული მოცულობით“.
დაცვის მხარე მტკიცებულებებს – მათ შორის ვიდეოჩანაწერსა და მოწმეთა ჩვენებებს – სადავოდ ხდის.
ვიდეოჩანაწერი, რომელსაც რესტორნის სათვალთვალო კამერითაა ჩაწერილი, 14 ოქტომბრით თარიღდება.იქ ჩანს, რომ ბილანიშვილი-ყიფიანები სუფრასთან სხედან, რა დროსაც გვერდით მაგიდასთან 65 წლის მერაბ შარაშიძე ჯდება.სულ რაღაც ერთ წუთში, - სავარაუდოდ, შარაშიძის რეპლიკის გამო - სამი კაცი მაგიდიდან წამოდგება და მას უახლოვდება, ვატო ყიფიანი კი მას მარჯვენა ხელს კისერში ურტყამს, რასაც რამდენიმე წამის განმავლობაში შეხლა-შემოხლა მოჰყვება.
მტკიცებულებებს სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკვლევენ. მომდევნო სხდომა 7 დეკემბერს 13:00 საათზე დაინიშნა.

პატიმრობა ძალაში დარჩა
მას შემდეგ, რაც ყიფიანები და ბილანიშვილი დააკავეს, მათ ახალი, უფრო მძიმე ბრალი წარედგინათ.
ისინი 2026 წლის 15 ოქტომბერს რესტორანში „ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
13 ნოემბერს მათ ბრალი წაუყენეს ციხეში ძმები ფეიქრიშვილების ჯგუფურად ცემის ბრალდებით – რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;მათ წინააღმდეგ ორივე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული.
25 ნოემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა, თუმცა პატიმრობა უცვლელი დატოვა, – მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები ამტკიცებდნენ, აზრს მოკლებულიაო.
პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი და ის საფრთხეები, რაც მანამდეც იყო, „კვლავაც არის იმ ინტენსივობით, რაც არსებობდა პირველ სხდომაზე“.
ამ საფრთხეებს შორის დაასახელა „დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რისკი“, „მოწმეებზე რეალური ზეგავლენის შესაძლებლობა“ და „მიმალვის საფრთხე“.
„ანუ სულ ვიჯდეთ“? – ყიფიანი
პროკურორ ხარებაშვილის რეპლიკებზე პასუხად, – პროკურატურის პოზიციაზე, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეუცვალონ, – ვატო ყიფიანმა მას მიმართა:
„ანუ არ გამოვიდეთ, სულ ვიჯდეთ, ხო? ჯობია, რომ ვიყოთ შიგნით, ხო“?
ვატო ყიფიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ თქვა, რომ „აღკვეთის ღონისძიებას დაკარგული აქვს სამართლებრივი ფუნქცია, მნიშვნელობა“, – რადგან ბრალდებულებს მეორე საქმეზე ისედაც აქვთ შეფარდებული პატიმრობა.
ავთო ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემაც განაცხადა, რომ ძალადობა, – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რასაც ამ ეპიზოდში ედავებიან, – „არ არის იმ დოზის, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ ყოფილიყო გამოყენებული“.
„როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას“
პროკურორმა ბილანიშვილის პატიმრობაში ყოფნის დასაბუთებისას ჩამოთვალა, რომ იგი დაკავების დროს უკვე იყო ნასამართლევი „ცივი იარაღის ტარებისათვის“ და არაერთხელ არის დაჯარიმებული.
2026 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ „კაწრო“ 30-ჯერ არის დაჯარიმებული მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვის გამო და არცერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი.
„ბატონო პროკურორო, როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას“, – თქვა დღეს ბილანიშვილმა ისე, რომ პროკურორისთვის არ შეუხედავს და დარბაზს თვალი ჩაუკრა.
საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და სამივეს დაუტოვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.
„არ არის გამოვლენილი ახალი გარემოება, რაც განაპირობებდა პატიმრობის გაუქმებას ან შეცვლას. ასე რომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს“, – განაცხადა მოსამართლე ბუგიანიშვილმა.
ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ
ვატო და შოთა ყიფიანები და ავთო ბილანიშვილი არცერთ წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობენ თავს დამნაშავედ და დუმილის უფლებას იყენებენ.
„ყველაფერი, რასაც იტყვით, თქვენს წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული“, – მიმართა მათ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა, როდესაც საპროცესო უფლებები გააცნო.
სხდომას დაკავებულთა ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.მანდატურებმა არაერთ ადამიანს მოუწოდეს, შეენახათ მობილური ტელეფონები.სხდომის დასასრულს ერთ-ერთ დამსწრეს მობილურიდან წააშლევინეს გადაღებული ფოტოები. „წაშლილებიდანაც წაშალე“, – უთხრა მას მანდატურმა.
შოთა ყიფიანს შავი ფერის ქურთუკი ეცვა, ბილანიშვილს „ადიდასის“ შავი, გრძელმკლავიანი „ჰუდი“, ყიფიანს კი ნაცრისფერი ქურთუკი ჰქონდა მხრებზე მოგდებული. სხდომებზე ფოტოგადაღება აკრძალულია.
„სისხლისსამართლებრივი დევნა რომ დაიწყო, მას შემდეგ ხომ არ ჰქონია ადგილი პოლიციის მხრიდან წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას“? – ჰკითხა მათ მოსამართლემ. „არა“ – უპასუხა სამივემ.

„დუმილის უფლება არ შეიძლება განიმარტოს ბრალდების დამადასტურებელ პოზიციად. ეს არ ნიშნავს, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. ეს ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – თქვა ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ რადიო თავისუფლების შეკითხვაზე პასუხად.
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, – გასაგებია, რომ ბილანიშვილი ფეიქრიშვილზე ძალადობას უარყოფს, თუმცა უარყოფს თუ არა იმას, რომ საკანში მასთან ერთად იყო, – ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ თქვა:
„რაც შეეხება დეტალებს: ჩვენ ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე. შესაბამისად, ნამდვილად არ მინდა, რომ დამიბარონ და დამიძახონ, რატომ დაარღვიე გაუთქმელობაო და ჩვენც გამოვიყენებთ უფლებას [დეტალებზე] შეკითხვებს არ ვუპასუხოთ“.
„ფეიქრიშვილზე ძალადობის“ საქმე
ყიფიანებსა და ბილანიშვილს ბრალად ედებათ ტყუპი ძმები ფეიქრიშვილებიდან ერთ-ერთზე, დავით ფეიქრიშვილზე გლდანის ციხეში ძალადობა.
ამ ეპიზოდში ბრალდების მხარე ამბობს, რომ მე-8 პენიტენციური დაწესებულების იმ კონკრეტულ საკანში, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა, სამეული მოათავსეს:
„ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე“„პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის მითითებით“„მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით“.ამის შემდეგ კი მათ იძალადეს დავით ფეიქრიშვილზე, – რომელთანაც წარსულში ვატო ყიფიანს დაპირისპირების ისტორია ჰქონდა.
სამივე ამ ბრალსაც უარყოფს და აქაც დუმილის უფლებას იყენებს. პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს კი 14 ნოემბერს 10-10 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს.
რესტორანში ძალადობა დადგმული იყო?
თუკი ეს ბრალდება მართალია, ჩნდება შეკითხვა: ყიფიანებმა და ბილანიშვილმა მხოლოდ რესტორნის ცემის საქმეზე დაკავების შემდეგ დაგეგმეს ფეიქრიშვილის საკანში შესვლა და ძალადობა, თუ კიდევ უფრო ადრე?
ამ შეკითხვას რამდენიმე კვირაა, საჯაროდ სვამს დავით ფეიქრიშვილის დედა, ნინო აბრამიშვილი.

ყიფიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძე რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბარში 2026 წლის 21 ოქტომბერს – მას შემდეგ, რაც დავით ფეიქრიშვილმა ყიფიანი და სხვები ძალადობაში დაადანაშაულა და ამაზე ოჯახი ხმამაღლა ალაპარაკდა, რასაც ყიფიანის მხარე უარყოფდა – უთხრა:
„ფანტაზიის ზღვარს სცდება, რომ [ვატო ყიფიანი] სპეციალურად დააკავეს, ამაში ჩართულია მთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გენერალური პროკურატურა, სასჯელაღსრულება, მთელი სისტემა. გამოდის, ფაქტობრივად ამბობ, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს“.
ყიფიანსა და სხვებს დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ბრალი 13 ნოემბერს წაუყენეს.
რას ამბობს პროკურორი
რადიო თავისუფლებამ რესტორანში ცემის ეპიზოდზე მიმდინარე საქმის პროკურორს, ვახტანგ ხარებაშვილს დღეს შემდეგი ფორმულირებით დაუსვა შეკითხვა:
„[არსებობს მოსაზრება, რომ] ეს სისხლის სამართლის საქმე საერთოდ გაჩნდა იმიტომ, რომ ეს ადამიანები აღმოჩენილიყვნენ გლდანის ციხის იმ საკანში, სადაც მოხდა ძალადობა – მეორე სისხლის სამართლის საქმე.თქვენ მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მსგავსი რამ იკვეთება თუ არ იკვეთება“?
პასუხად მივიღეთ, რომ რესტორანში „კონკრეტულ დანაშაულს, ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაზეც პოლიციას ჰქონდა მყისიერი რეაქცია, დაიწყო გამოძიება, რის შემდგომაც დაკავებულ პირებს წარედგინათ ბრალდება“.
ამ საქმის პროკურორი თავიდანვე ხარებაშვილი იყო, – ის მაშინაც ზედამხედველობდა საქმეს, როდესაც ყიფიანები და ბილანიშვილი გლდანის ციხეში მოათავსეს.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, „მეორე საქმეში რომ გამოიკვეთოს გარემოება, რომ ცემის ეს ეპიზოდი იყო „დადგმული“ მათს ციხეში მოსახვედრად“, პროკურორმა თქვა:
„როგორც არაერთხელ გიპასუხეთ, სხვა ნებისმიერ საქმეში რა გარემოება გამოიკვეთება, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ.თუ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რასაც მე ვუწევ სახელმწიფო ზედამხედველობას, სახელმწიფო ბრალდებას ამ სასამართლოში, შეკითხვა გაქვთ, გიპასუხებთ.მაგრამ, სხვა საგამოძიებო დანაყოფის წარმოებაშია ჯერ კიდევ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეგ საქმე“.
„სხვა სისხლის სამართლის საქმეში რა ფაქტობრივი გარემოებებია, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს… საიდან უნდა ვიცოდე?“ – თქვა ასევე პროკურორმა.
ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ წყაროების თანახმად, საქმეში დაზარალებულად ცნობილი მერაბ შარაშიძე არის „ვატო ყიფიანის გარემოცვის წევრის ბიძა“, პროკურორმა თქვა, რომ ეს პირველად ესმის.
რეპორტიორების შეკითხვაზე, „ხომ არ დაინტერესებულა გამოძიება იმ მიმართულებით, დადგმული იყო თუ არა ეს ყველაფერი წინასწარ“, განაცხადა:
პროკურორი: „ალბათ მთელმა საქართველომ იხილა ეს ძალადობის კადრები, რაც მოხდა“.
ჟურნალისტი: „კითხვებს აჩენს ესეც, რადგან გვინახავს სხვა, უფრო მძიმე ძალადობის კადრებიც, რაზეც არ ყოფილა რეაგირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან“.
პროკურორი: „ძალადობრივი კატეგორიის დანაშაულების მიმართ პროკურატურას აქვს მკაცრი პოლიტიკა“.
ძმები ფეიქრიშვილები და ვატო ყიფიანი
40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს დააკავეს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. 23 სექტემბერს მათ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს.
2 ოქტომბერს მათ წარუდგინეს 10 მილიონი ლარის „გათეთრების“ ბრალდება 2020-26 წლებში, - რასაც ძმები უარყოფენ. მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დავით ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა, 19 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის შვილს, დავით ფეიქრიშვილს ციხეში სცემეს, ძმისადმი სოლიდარობის ნიშნად კი გიორგი ფეიქრიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.
პენიტენციურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, - რასაც უწყება პენიტენციური სამსახურის უფროსისათვის ბრალის წარდგენამდე გამუდმებით უარყოფდა როგორც რადიო თავისუფლებასთან, ისე სხვა მედიასაშუალებებთან.
21 ოქტომბერს TikTok-ზე გავრცელდა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, დავით ფეიქრიშვილი „კანონიერ ქურდ“ გიორგი კალაშიანს, მეტსახელად „კოტიკს“ ტელეფონით ესაუბრება;ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „კოტიკი“ დავით ფეიქრიშვილს ბერლინში ჩამოსვლასა და შეხვედრას სთავაზობდა ვინმე „ლაშასთან“ შესახვედრად, – მოულოდნელად კი შესთავაზა შეხვედრა „ვატულიკთან“, - სავარაუდოდ, ვატო ყიფიანთან.„ვატულიკს უნდა ჩემთან შეხვედრა“ - გაიკვირვებს ჩანაწერში ფეიქრიშვილი.დაზუსტებით უცნობია, შედგა თუ არა შეხვედრა ბერლინში, – თუმცა სავარაუდოდ ფეიქრიშვილებს ყიფიანთან შეხვედრა არ გაუმართავთ.
ვატო ყიფიანისა და ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილების კავშირსა და გზების გადაკვეთაზე ცნობები მედიაში პირველად 2010 წელს გაჩნდა, ე.წ. „მაზავშიკების საქმეზე“.
მაშინ დავით ფეიქრიშვილი დააკავეს, ვატო ყიფიანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – ბრალდება საფეხბურთო მატჩებზე უკანონო ფსონებით მოგებული თანხის დაბრუნება/ამოღებას შეეხებოდა.
2020 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ძმები ფეიქრიშვილების აფეთქებით მკვლელობის გეგმა აღკვეთა. პროკურატურის ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანის შეკვეთით იყო დამზადებული.
2021 წელს საქართველოში უკრაინიდან დეპორტირებული ყიფიანი ამ საქმეზე დააკავეს, თუმცა, მისი ადვოკატის ცნობით, საბოლოოდ გაამართლეს. ყიფიანი ბრალდებას უარყოფდა.
