რუსეთში შეტევა იყო „ტრანსნეფტის“ კიდევ ერთ სადგურზე და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
26 ნოემბერს აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ტუიმაზის რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონების შეტევა „მოიგერიეს“ და მათი „ნამსხვრევები ჩამოცვივდა“ ტუიმაზის რაიონის სამრეწველო ზონაში, სადაც ხანძარია.
სოციალური ქსელებით დილით გავრცელებულ ამ ცნობაში ტუიმაზის რაიონის ადმინისტრაციას კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
მონიტორინგის უკრაინული არხის, Supernova+-ის და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, შეტევა იყო ტუიმაზის რაიონში მდებარე, ნავთობის საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზე „სუბხანკულოვო“.
ეს სადგური რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართულ კომპანიას, ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიერ დასანქცირებულ „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის და ამ კომპანიის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემის მსხვილი ობიექტია.
გასული ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ორჯერ დაარტყეს „ტრანსნეფტის“ კიდევ ერთ ობიექტს - რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმეტიევსკთან მდებარე ნავთობის საქაჩ სადგურ „კალეიკინოს".
განახლება: 26 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალმა შტაბმა დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დაარტყეს „ტრანსნეფტის“ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სუბხანკულოვოს“. გენშტაბის თანახმად, დადასტურებულია რეზერვუარის განადგურება და ხანძარი.
სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მონიტორინგის უკრაინული არხების და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, 26 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მორიგი შეტევა მიიტანეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც.
კომპანია „სლავიანსკ ეკოს“ ამ საწარმოს უკრაინის ძალებმა ადრეც არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის 2026 წლის სექტემბერში და მას შემდეგ ქარხანაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 26 ნოემბერს დილით გამოქვეყნდა ცნობა, რომ სლავიანსკის რაიონში ოთხი ადამიანი დაშავდა და სახლებია დაზიანებული უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ადგილობრივ ხელისუფლებას არ უხსენებია.
რუსეთი, რომელიც ოთხ წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს დიდი მსხვერპლის გამომწვევ ომს და ქვეყნის ინფრასტრუქტურას ანადგურებს, თავის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
უკრაინა აცხადებს, რომ მსგავსი დარტყმები არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია, პასუხი უკრაინელების დახოცვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
