
კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ - გრიგოლ გეგელია
ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ 8 აგვისტოს გაკეთებული განცხადება არის "ნამდვილი საბოტაჟის ანატომია".
მისი თქმით, "საქართველომ იცის, რომ საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო პრემიერი, რომელიც არაბული ბინების მაკლერობითაა დაკავებული"
„მსურს საქართველოს პროკურატურას შევატყობინო, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება - კერძოდ, „დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ”, რომელსაც სჩადის დე-ფაქტო პრემიერი, ბატონი ირაკლი კობახიძე. კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია. რა თქმა უნდა, არ დააყოვნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პასუხმა, რომელმაც უკვე მინიმუმ მეექვსედ აციტირა კობახიძის ესა თუ ის განცხადება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა ის გარემოება, რომ სახელმწიფოს და პრეზიდენტს არსად და არასდროს არ მიჯნავს არავინ. შესაბამისად, კობახიძის ციტატის გამოყენებით, საოკუპაციო რეჟიმმა პასუხისმგებლობა დააკისრა ქართულ სახელმწიფოს! საოკუპაციო რეჟიმმა იცის, რომ საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო პრემიერი, რომელიც არც ერთხელ არ ყოფილა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან - სამაგიეროდ, მრავალჯერ მიუღია ქება კრემლის სპიკერებისგან. საოკუპაციო რეჟიმმა იცის, რომ საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო პრემიერი, ვის ადმინისტრაციასაც არაფერი გაუკეთებია ერგნეთის, დიცის, დვანის თუ ატოცის გასაძლიერებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა გასაძლიერებლად და ქართველი ხალხისთვის იმის სათქმელად, რომ მას ადარდებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი. სრულიად საქართველომ იცის, რომ საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო პრემიერი, რომელიც არაბული ბინების მაკლერობითაა დაკავებული მაშინ, როცა სომხეთი უკვე შედის ხელოვნური ინტელექტის გლობალურ რბოლაში - NVIDIA-ს ტექნოლოგიებით, მილიარდობით დოლარის საინვესტიციო პერსპექტივით და ახალი თაობის ინფრასტრუქტურის შექმნით იმ ინდუსტრიაში, რომელიც მომდევნო ათწლეულების ეკონომიკას განსაზღვრავს. სანამ აზერბაიჯანი და სომხეთი იღებენ კოლოსალურ მხარდაჭერას აშშ-სგან, იგივე აშშ ასანქცირებს ირანულ კომპანიებს კობახიძის საქართველოში, ხოლო კობახიძე ღიად ღალატობს საკუთარ ერს და სახელმწიფოს. სანამ რიგითი ქართველი გაზრდილ ფასებს ებრძვის, სანამ ქვეყანაში ადგილი აქვს უმწვავეს დემოგრაფიული კრიზისს და ქართველების მასობრივ გადინებას ქვეყნიდან, საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო პრემიერი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას და მტრის სასარგებლოდ იძლევა ჩვენებას. ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ, რეჟიმი სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს არის ის მთავარი მიზანი და ამოცანა, რაც უნდა გააჩნდეს ქართველ ხალხს - ამ რეჟიმის გასტუმრება მშვიდობიანი, დემოკრატიული გზებით და პროქართული, ეროვნული ხელისუფლების არჩევა, რომელიც დაიცავს ქართველი ხალხის ეროვნულ სუვერენულ უფლებებს და რომელიც ღიად დააფიქსირებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება დახმარება, რომ ჩვენ გვჭირდება გაძლიერება და რომ საქართველო იმსახურებს კუთვნილ ადგილს ევროატლანტიკურ ოჯახში“, - განაცხადა გეგელიამ.
8 აგვისტოს მუხათგევრდის სასაფლაოზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ომის დაწყებაში "სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს" ადანაშაულებენ.
"ქართული ოცნების" ლიდერის მტკიცებით, 8 აგვისტოს ქვეყანაში შემოვიდა რუსული ჯარი, ხოლო "7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი."
კობახიძის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი გამოეხმაურა და თქვა, რომ ომზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ "სააკაშვილის რეჟიმს", არამედ "ქვეყანას უნდა დაეკისროს".
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge