12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმე - მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები განახლდა | TV პირველი
12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმე - დილიდან მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები განახლდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად მუშაობენ.
ძალოვანი უწყების თანამშრომლები სპეციალური ტექნიკით და სკანერებით ათვალიერებენ ადგილს, საიდანაც მოწმეების ჩვენებით 12 წლის წინ გურამ დადიანიძის კვალი დაიკარგა.
სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას სიღრმისეულად ათვალიერებენ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით, მათ შორის ხორციელდება ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით. ასევე არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით", - აცხადებს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტი გურამ სუჯაშვილი.
საგამოძიებო მოქმედებების ადგილას მალე იქნება გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის დედა. სოფო ბიბილაშვილი მლეთაში გუშინ გვიან ღამითაც იმყოფებოდა.
გუშინ ვიყავით, დაამთავრეს სამუშაო საათები და წამოვედით გვიან. ახლა მივდივარ, ჯერ არ მივსულვარ იქამდე. დადიან სამაშვლეოები და მუშაობენ", - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
შსს-ს განცხადებით, საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge