24 აგვისტოს ღამით რუსეთში ონლაინ-პლატფორმა Ozon-ის ლოგისტიკურ ობიექტებზე დრონებით იერიში განხორციელდა. თავდასხმები კრასნოდარის მხარეში, სტავროპოლის მხარესა და დაღესტანში დაფიქსირდა.
რუსული Telegram-არხების ცნობით, ნევინომისკში სამიზნე Ozon-ის რეგიონული სადისტრიბუციო ცენტრი იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის სამრეწველო ზონაზე უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ განაცხადა.
დრონებით შეტევა განხორციელდა დაღესტანშიც, სადაც მახაჩყალასთან მდებარე დაახლოებით 130 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ლოგისტიკურ კომპლექსში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ობიექტს Ozon-ისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ფუნქცია ჰქონდა.
თავდასხმები თავად Ozon-მაც დაადასტურა. კომპანიის განცხადებით, ადიღეისკისა და ნევინომისკის საწყობებიდან თანამშრომლები წინასწარ გაიყვანეს და არავინ დაშავებულა. მახაჩყალის ლოგისტიკურ ცენტრში კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ობიექტზე ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
Ozon-ის განცხადებით, მახაჩყალის საწყობში არსებული პროდუქცია დროებით მოიხსნება გაყიდვიდან, შეკვეთების ნაწილი გაუქმდება, ნაწილს კი მომხმარებლებს სხვა საწყობებიდან მიაწვდიან.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge