
ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს - ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი "პირველებთან" ამბობს, რომ "მას თავისი სიმართლე აქვს".
მე ჩემი სიმართლე მაქვს თავიდან ბოლომდე," - გვითხრა ბაჩუკი ჩხვიმიანმა.
ბაშიაჩუკ ჩხვიმიანის თქმით, პოლიციაში ნატა ვიბლიანის ოჯახთან დაკავშირებით გამოჰკითხეს. საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს კითხვები ჰქონდათ ნატა ვიბლიანი საცხოვრებელ სახლში კედლებზე არსებულ ნატყვიარებთან დაკავშირებითაც. ბაჩუკი ჩხვიმიანის თქმით, პოლიციამ უკვე გაჩხრიკა და მისი იარაღიც ამოიღო, თუმცა მისივე მტკიცებით, ტყვიები აღნიშნული იარაღიდან არ არის ნასროლი.
კი [ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე]. კითხვები იყო ნატა ვიბლიანის ოჯახზე. [...] არა, საიდან იქნება ჩემი იარაღიდან [ნასროლი ტყვიები სახლში], მე არ გამიკეთებია მაგი. კი, როგორ არა, რამდენჯერ გამჩხრიკეს, იარაღი მაკაროვი ამოიღეს. ყველამ იცის სოფელში ვინ ესროლა. ვინ იყო ახლა მე ხომ არ ვიტყვი. იტყვის ალბათ თავის დროზე ყველა. არა [არ არიან ის ადამიანები, ვისაც გაუპატიურებაში ადანაშაულებს]. არ ვიცი [რატომ ესროლეს], ნასვამზე ალბათ," - ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი.
ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი "პირველებს" გვეუბნება, რომ ბოლო ერთი-ორი კვირის წინ გამოკითხეს და უთხრეს, რომ კიდევ დაიბარებდნენ: "ბოლოს, ერთი ორი კვირის წინ გამომკითხეს. კი [კიდევ დაგიბარებთო]".
რა ვიცით, ნატა ვიბლიანის საქმეზე:
ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს - მალხაზ ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიამიანს და ჯიმშერ ვიბლიანს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. პოლიციამ 21-22 ივლისს ნატა ვიბლიანი დისტანციურად გამოკითხა. „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს. ნატა ვიბლიანს უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge