„თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურება და აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში ღარიბაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კორუფციული სქემები მოქმედებდა, რაც, მისი შეფასებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროებულმა მასალებმაც დაადასტურა. ამასთან, შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილის შესაძლო დანაშაული არ გამორიცხავს მისივე განცხადების სისწორეს - რომ მას პოლიტიკური ნიშნით ბრალის წინასწარ შეთანხმებას სთავაზობდნენ.
ღარიბაშვილი მართლაც იყო კორუმპირებული და ამ კონკრეტულ საქმეში მას ქრთამის სახით სწორედ ამ ფორმით აქვს ფული აღებული. ეგ იმთავითვე ცხადი იყო ჩემთვის, როგორც იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლისთვის, რომ თავდაცვის სამინისტროში იმ დროს აშკარად კორუფციული სქემები ლაგდებოდა და ეგ ახლა პროკურატურამ დაადასტურა. მაგრამ მეორე ამბავია, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომელიც კიდევ უფრო მთელი ამ სისტემის მანკიერებას ავლენს. ის, რომ ღარიბაშვილი დამნაავეა, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რაც მან ილაპარაკა, რომ მას სთავაზობდნენ, ფაქტობრივად, პოლიტიკური ნიშნით ბრალის წინასწარ შეთანხმებას, ეს ყველაფერი არის სიმართლე, - ამბობს "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge