სომხური ბიზნესჯგუფი საქართველოში „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორის“ შეძენას გეგმავს. ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა. თურნავას უწყებაში ამბობენ, რომ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა მათი თქმით, ოფიციალური განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში კომპანიას არ შეუტანია.
"პირველების" ინფორმაციით, სწორედ დღეს უნდა მოეწეროს ხელშეკრულებას ხელი. პრესრელიზი, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა გავრცელებულიყო, "პირველებმა" მოიპოვა.
ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა, სადაც ირწმუნებოდნენ, რომ სომხური „არდშინბანკის“ მიერ საქართველოში კომერციული ბანკის შეძენა რუსულ ფინანსურ ინტერესებს უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, „ტერაბანკის“ შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართული იყო ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ბანკის გაყიდვის საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან შუამავლობდა.
„პირველების“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში თბილისში ნათია თურნავასა და ვანო ჩხარტიშვილს რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის შვილიც შეხვდა.
"პირველებმა" ინფორმაციის გადამოწმება თავად ვანო ჩხარტიშვილთან სცადა, თუმცა მან კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
ოპოზიციაში გარიგების შესაძლო რისკებზე საუბრობენ. ხატია დეკანოიძის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სექტორი რუსული ინტერესებისთვის მოწყვლადია და „ტერაბანკის“ შესაძლო გასხვისებაც ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს.
საქართველოს ფინანსური სექტორი არის საფრთხის ქვეშ და ძალიან დიდი რისკის ქვეშ ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიას, საქართველოს ფინანსურ სექტორს, მათ შორის ბიტკოინები, კრიპტო-ბირჟები, კომპანიები ზალიან აქტიურად იყენებს ფულის სამრეცხაოდ რუსეთი და რატომ იყენებს? იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული "ეკონომიკური საქმიანობა. ამიტომ ახლა ჩხარტიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ატარებდა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ეკონომიკურ პოლიტიკას, სავსებით ადვილი მისახვედრია, რომ ნებისმიერი ასეთი ფინანსური ტრანზაქცია, შეძენა და ფართო გარიგება ეკონომიკური, რომელმაც შეიძლება, დაგვაახლოვოს რუსეთთან, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge