დაურ ბუავას დედა საქართველოშია
დაურ ბუავას დედა საქართველოშია. ის ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის დედას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე საათში, მას დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.
როგორც ირკვევა, სწორედ დაურ ბუავას დედა იქნება აფხაზი ბლოგერის უფლებამონაცვლე. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა ალტერნატიული ექსპერტიზა.
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. ბრალდება წარედგინა კიდევ ორ პირს.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.
საქმეზე გამოძიება განსაცდელში მიტოვების გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც მიმდინარეობს. ბუავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge