
8 თვეში საქართველოში ჯამში 41 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება არ შესრულდა
2026 წლის 8 თვეში საქართველოში ჯამში 41 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება არ შესრულდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებს bpn.ge ავრცელებს.
ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შეუსრულებელი პროექტების საერთო ღირებულებამ 3 602 617 ლარი შეადგინა.
bpn.ge-ს ცნობით, მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული შეუსრულებელი პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ შესყიდვას უკავშირდება. საუბარია მუხრანში, მდინარე ქსნის კალაპოტში ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის სამუშაოებზე, რომლის ღირებულებაც 365 250 ლარს შეადგენდა.
ირკვევა, რომ მეორე ყველაზე მსხვილი პროექტი 346 246 ლარის ღირებულების იყო. ხელშეკრულება ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის, რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოებზე იყო გაფორმებული.
შეუსრულებელ პროექტებს შორის მოხვდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების მიერ საბავშვო ბაღებისთვის ქათმის ხორცის მიწოდებაზე გამოცხადებული 297 194 ლარის ღირებულების ტენდერიც.
უფრო კონკრეტულად, ყველაზე მსხვილი შეუსრულებელი სახელმწიფო პროექტების ათეული ასეთია:
365 250 ლარი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია - მუხრანში, მდინარე ქსნის კალაპოტში ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები; 346 246 ლარი - ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის, რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები; 297 194 ლარი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება - საბავშვო ბაღებისთვის ქათმის ხორცის მიწოდება; 267 297 ლარი - ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში ხიდის მოწყობის სამუშაოები;195 005 ლარი - „საქართველოს ფოსტა“ - SYM X PRO 125 მოდელის მოტოსკუტერებისთვის განკუთვნილი ნაწილების სახელმწიფო შესყიდვა; 171 200 ლარი - „რუსთავსერვის ცენტრი“ - ეზოსა და ქუჩის დასაგველი მინდვრის ცოცხების შესყიდვა; 169 000 ლარი - თბილისის მერია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დეკორაციებითა და გაფორმებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა; 156 600 ლარი - „რუსთავსერვის ცენტრი“ - სანათებისა და მათი ნაწილების შესყიდვა; 150 000 ლარი - ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები; 150 000 ლარი - „თბილსერვის ჯგუფი“ - გარე გამოყენებისთვის, ეზოსა და ქუჩისთვის განკუთვნილი ცოცხების, ე.წ. „მინდვრის ცოცხის“ სახელმწიფო შესყიდვა.
წყარო: bpn.ge
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge