რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მასშტაბური საწვავის ქურდობის საქმეს იძიებენ. უწყების ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის პოლიციისთვის განკუთვნილი საავტომობილო საწვავის მითვისების საქმეზე დაკავებულია რეგიონული შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი სერგეი მალკოვი, ასევე უწყების კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი - ალექსეი სუიაროვი და ანა ლევინა. სამივე მათგანი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გაათავისუფლეს.
გამოძიების ვერსიით, სავარაუდო სქემაში მონაწილეობდნენ კომპანია „ევროტრანსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ მარტინოვი და მისი სამი ტოპ-მენეჯერი. სამი მენეჯერი უკვე პატიმრობაშია, ხოლო მარტინოვი პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად დაკავებულია და გამოძიება მათ წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-4 ნაწილით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისება/გაფლანგვა. ამ მუხლით მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე პატიმრობაა.
გამოძიება დანაშაულის სხვა შესაძლო მონაწილეებსაც ადგენს.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge