
"მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვის
"შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!" - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
ამასთან, მისი თქმით, ბოლო დღეებში გამოკითხვების სერიის ერთ-ერთი მიზანი "ნაციონალურ მოძრაობასთან" მისი დაკავშირება იყო, თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ "როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია მისი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთმანეთთან დაკავშირება.
ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა. საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო. ასევე, ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი.. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ... ამ სასაცილო და უსუსურ პროპაგანდისტულ მეთოდზე ხელისუფლებას მინდა შემდეგი პასუხი გავცე: ტყუილად ნუ წვალობთ! როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება! საზოგადოებას შევახსენებ, რომ, როგორც გავიგე, თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს. თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს. ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები! ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე. შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან. მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა! აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი - ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით… ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
მანამდე შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა.
"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ ერთ-ერთ წერილს 2 სექტემბერს გამოეხმაურა და თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ცდილობს, სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს".
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge