თელ-ავივიდან ვენის მიმართულებით მიმავალი Austrian Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ბომბის შესახებ შეტყობინების გამო სოფიის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ბორტზე 51 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიის რეისის, OS82-ის ეკიპაჟმა აფეთქების საფრთხის შესახებ შეტყობინება რუმინეთის საზღვართან მიიღო, რის შემდეგაც სოფიაში დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
უსაფრთხოების მიზნით, Airbus A320-ის ტიპის თვითმფრინავს ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების MiG-29-ის ტიპის გამანადგურებელი აცილებდა.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ბორტზე სპეციალური შემოწმება ჩატარდა, მომხდარზე კი გამოძიება დაიწყო.
ავიაკომპანიის განცხადებით, უსაფრთხოების პროცედურების დასრულების შემდეგ მგზავრებს ალტერნატიული რეისებით გადაიყვანენ.
შემთხვევა 18 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge