
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები "ხარებას" დაკითხვას ითხოვენ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორი ზვიად ხარაზიშვილის დაკითხვას ითხოვს.
როგორც გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის დედამ პროკურატურის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, "ხარება" მართავდა სამი შავი ჯიპიდან ერთ-ერთს, რომელიც ოჯახის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების დღეს მის მანქანასთან დააფიქსირეს.
თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თამარის გაუჩინარების დღე უჩვეულოდ დაემთხვა სუს-ის სამი მანქანის გადაადგილებას, რომელთაგან ერთ-ერთში ზვიად ხარაზიშვილი იმყოფებოდა.
"მოგეხსენებათ, იმ დღეს, რა დღესაც გაუჩინარდა თამარი და რატომღაც დაემთხვა მისი გადაადგილება სამი სუს-ის მანქანის გადაადგილებასაც, რომელშიც ერთ-ერთში იმყოფებოდა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი. და რამდენადაც ვიცი, მის დაქვემდებარებაში იყო ის სამივე სუს-ის მანქანა. ზემო ფონიჭალის ასახვევთან არ მისცეს თამუნას იმის საშუალება, რომ ქალაქისკენ გადაადგილებულიყო და მოიქციეს ალყაში, რომ მას გზა გაეგრძელებინა ფონიჭალისკენ. სადღაც 10 წუთის განმავლობაში იყო დაყოვნებული იმ კამერების ჩანაწერების თანახმად, სადაც მიეცეს დირექტივა, რომ გაეგრძელებინა გზა მარნეულის მიმართულებით, სადაც კამერები დააფიქსირებდნენ, რომ თამარი მარტო იმყოფებოდა მანქანაში. ამის გამო ვითხოვთ დაკითხვას, თუ რატომ იყო ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი", — განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.
თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმის მასალებში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას და არა თვითმკვლელობას.
"ჩვენ გამოძიების ვერსიას ვუცხადებთ უნდობლობას და მიგვაჩნია რომ, საქმის მასალებში არის არაერთი ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი მტკიცებულება, რაც საქმეზე შეცვლის გამოძიების ვერსიას და ცხადყოფს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს. ჩემი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თავიდანვე კადრები თუ როგორ უჭრის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას სამი შავი ჯიპი და აიძულებენ, რომ გადაუხვიოს მარნეულის მიმართულებით. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, აღნიშნული ჯიპები ეკუთვნის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს და ერთ-ერთ მანქანას მართავდა ზვიად ხარაზიშვილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რომ ჩემი შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმესთან და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნულ უშიშროების მანქანებს ჩემი შვილის საქმესთან აქვთ კავშირი, გამოძიების მიერ მოხდეს ზვიად ხარაზიშვილის გამოკითხვა", - აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
23 წლის პროგრამისტის მშობლები საქმის განახლების და ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასთან დღესაც შეიკრიბნენ. ბაჩალიაშვილის ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა, პროგრამისტის გარდაცვალებსი საქმეზე ხელახალ გამოძიებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge