
სამხარაძე დაცულია საპარლამენტო იმუნიტეტით - კობახიძემ თორნიკე რაზმაძის მიმართ მუქარაზე იხუმრა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ირაკლი კობახიძე ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის მიმართ გავრცელებულ მუქარასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამოძიება დაიწყება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ რეაგირებენ შესაბამისი უწყებები რაზმაძის მიმართ მუქარაზე და რატომ არ იწყება გამოძიება, კობახიძემ უპასუხა:
„თუ არის გამოძიების დაწყების საფუძველი, უნდა დაიწყოს – მარტივი პოზიციაა“.
მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რაზმაძეს „ქართული ოცნების“ წევრი დიტო სამხარაძე ემუქრება, კობახიძემ განაცხადა, რომ სამხარაძე საპარლამენტო იმუნიტეტით არის დაცული.
„მე საერთოდ არ ვიცი, ვინ ვის ემუქრება“, – თქვა კობახიძემ დამატებითი შეკითხვის პასუხად.
ცნობისთვის, თორნიკე რაზმაძე რამდენიმე დღეა სახელისუფლებო მედიისა და სოციალური ქსელების გვერდების მხრიდან თავდასხმის სამიზნეა. „მითების დეტექტორის“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, აქტივისტის დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოები ვრცელდება.
რაზმაძე შესაბამის უწყებებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge