ჩვენი პასუხისმგებლობაა არ დავხუჭოთ თვალი უკანონობაზე და უსამართლობაზე - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 28 ნოემბრის აქციაზე | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 28 ნოემბრის აქციაზე ხალხთან ერთად იდგება - ჟურნალისტის თქმით, ახლა აუცილებელია რომ მოქალაქეებმა არ დახუჭონ თვალი არცერთ უკანონობასა და უსამართლობაზე და სწორედ ხვალ ქუჩაში გასვლით დაამტკიცონ, რომ ქვეყანაში მიმდინაე ვითარებას არ ეგუებიან.
„ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ცალკე აღებული, ვერც ერთი პოლიტიკური გაერთიანება ცალკე აღებული ვერ შექმნის სახელმწიფოს. სახელმწიფოს მთავარი ბურჯი არის მოქალაქე, პასუხისმგებლიანი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ არ დავხუჭოთ თვალი უკანონობაზე, უსამართლობაზე, ყველაფერ არასწორზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება. არ დავხუჭოთ თვალი იმ მიზეზებზე, რომლის გამოც თავზე გვენგრევა სახლები. არ დავხუჭოთ თვალი იმ მიზეზებზე, რის გამოც მეწყერსა და წყალს მიაქვს შენობები და იქ გვეხოცება ხალხი. ეს არის საქართველოს მოქალაქეების გასაკეთებელი საქმე. მოითხოვე და მოგეცემაო, დაკვეთას ქმნიან ყოველთვის მოქალაქეები.“ - ამბობს ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი.
28 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქცია უწყვეტი პროტესტის ორი წლისთავს ეძღვნება.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. იმავე საღამოს ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა. აქციების დროს დაშავდნენ დემონსტრანტები, პოლიციელები და ჟურნალისტები.