ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე - ადვოკატი საუბრობს, როგორ შეცვალა მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილება აპელაციამ
ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე - ადვოკატი ანა თავხელიძე, რომელიც 20 წლის გოგოს ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ "პირადი განწყობების" მიხედვით გაამართლა ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, ეჰმეთ უიარი და არა მტკიცებულებების მიხედვით.
ანა თავხელიძე ამბობს, რომ საქმეში არცერთი გარემოება და მტკიცებულება არ მიუთითებდა, რომ თურქი ბიზნესმენი უდანაშაულო იყო. ადვოკატის თქმით, სწორედ მტკიცებულებებით იხელმძღვანელა დღეს აპელაციამ და შეცვალა მოსამართლე არევაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი მიგვაჩნდა მისი გამოცხადების მომენტიდან, იმიტომ, რომ ის დასკვნები, რაც მოსამართლემ გამოიტანა და შეფასებები, რაც მან მტკიცებულებებს მისცა, აბსოლუტურად არ ეფუძნებოდა რეალობას და საქმეში არსებულ გარემოებებს — ეფუძნებოდა პირად განწყობებს, შეხედულებებს და ვარაუდებს, რაც დაუშვებელია, რომ გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდეს. დღეს დაიწყო განხილვა და დღესვე დასრულდა ამ შედეგით. ვფიქრობთ, რომ სწორი სამართლებრივი შეფასება გააკეთა აპელაციამ. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც გამორიცხავდა დაზარალებულის მონათხრობის სანდოობას. არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ან ეჭვს მაინც გააჩენდა, რომ დაზარალებული მოტივირებული იყო, რომ ცრუ ბრალდება გაეკეთებინა ამ საქმეში. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში არც ერთი სიტყვა შრომით ურთიერთობაზე არ შეგვხვედრია, რომელიც იყო მთავარი კრიტერიუმი შეეფასებინა იმ მოწმეების ჩვენების სანდოობა, რომლებიც დღემდე დასაქმებული არიან შპს „ნიკეში“ და რომლებმაც გარკვეული დროის შემდეგ მისი დამსაქმებლის სასარგებლოდ ჩვენება მისცეს სასამართლოში. შესაბამისად, ეს გარემოება ვფიქრობ, რომ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ. ის სხდომას ფიზიკურად არ ესწრებოდა, თუმცა ის იმყოფება საქართველოში თუ დატოვა უკვე საქართველო, ამის თაობაზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს", - აცხადებს ანა თავხელიძე.
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე - სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი, ეჰმეთ უიარი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 32 წლის თურქი ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ უდანაშაულოდ ცნო.
ყველაფერი 2025 წლის 9 დეკემბერს დაიწყო. ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში საფეხბურთო კლუბ ლუსოს ფეხბურთელები და ადმინისტრაცია სეზონის წარმატებით დახურვას აღნიშნავდნენ. ქალი ამტკიცებს, რომ საღამოს დასასრულს 20 წლის ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტმა გამოძახებული ტაქსი გააუქმებინა და სახლში წაყვანა შესთავაზა.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კადრების მიხედვით, ქალი სახლში კლუბის მფლობელის მძღოლს მიჰყავს, თავად თურქი ბიზნესმენი კი რესტორნიდან რამდენიმე წუთში გადის.
საქმეში მთავარი მტკიცებულებებიც სწორედ ამ დროიდან ჩნდება:
ახალგაზრდა ქალი საკუთარ მეგობარს 01 საათსა და 45 წუთზე წერს და ეუბნება, რომ ის სახლში ტაქსით არ გაუშვეს, მარტო არაა, თურქ მძღოლს მიყავს და თუ საკუთარ სახლში არ მიიყვანდა თანაგუნდელებს აუცილებლად შეატყობინებდა. დაზარალებულის ტელეფონიდან გამოგზავნილი შეტყობინებების მიხედვით ის დანიშნულების ადგილზე უკვე 01 საათსა და 52 წუთზე მიიყვანეს. უცხო გარემოში მოხვედრის შემდეგ ქალი ფეხბურთელი კოლეგას ლოკაციას უგზავნის და ეუბნება რომ ეშინია. ამის შემდეგ დაზარალებულის ტელეფონზე 7 გამოტოვებული ზარია, რაც იმას ნიშნავს რომ 01 საათი და 52 წუთიდან , 02 საათსა და 16 წუთამდე დაზარალებულმა მეგობრებისთვის პასუხის გაცემა ვერ შეძლო. ბოლოს რაც მისწერა იყო ის რომ მას აუპატიურებდნენ და თანაგუნდელებს უთხრა, რომ ლოკაციით გაზიარებულ მისამართზე მისულიყვნენ. ამის შემდეგ დაზარალებულის მიერ გაზიარებულ ლოკაციაზე მისი ახლო მეგობრები დაიძრნენ.
ამასთან, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმის მასალები, რაც პროკურატურამ სასამართლოში გადააგზავნა, დგინდება, რომ ქალმა პოლიციას იმავე დღეს მიმართა და გამომძიებელს დეტალურად უხსნის 9 დეკემბერს მომხდარ ამბავს.
ფეხბურთელი ქალების ინფორმაციით, სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში გავლენიანი ბიზნესმენი დაზარალებულს შუამავლის მეშვეობით დაუკავშირდა და მისი დათანხმება საპროცესო შეთანხმებაზე სცადა. "შაბათის ეთერის" რესპოდენტების თქმით, გაუპატიურებულ ქალს თანხმობის შემთხვევაში ის 500 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა.
