ყაზახეთი და რუსეთი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ითანამშრომლებენ
ყაზახეთი და რუსეთი ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა რუსეთში ვიზიტისას, ხელოვნური ინტელექტის მთავარ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მიესალმა რუსული ტექნოლოგიური კომპანიების – სბერბანკისა და იანდექსის ყაზახეთის ბაზარზე საქმიანობას. ტოკაევი მოსკოვში ასტანაში ენვიდიას ხელმძღვანელის ვიზიტის შემდეგ ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში ყაზახურმა ფინანსურმა კომპანიამ „ფრიდამ ჰოლდინგმა“ კომპანია ენვიდიასთან მოწინავე ბი-300 ჩიპების დიდი შეკვეთა გააფორმა. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია ყაზახეთში ორი მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნური ინტელექტის ცენტრის აშენებას გეგმავს.
რუსეთი კი, დასავლეთის მიერ უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო მოწინავე ტექნოლოგიების დეფიციტს განიცდის.
ქვეყანას არ აქვს საკუთარი წარმოების თანამედროვე ჩიპები, ხოლო მისი სუპერკომპიუტერები ძირითადად ომამდე შეძენილ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. ეს გარემოება რუსეთს ხელს უშლის ხელოვნური ინტელექტის სფეროში აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციაში. ამიტომაც ყაზახეთი, რომელსაც დასავლეთთან ურთიერთობები შენარჩუნებული აქვს და ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აკავშირებს, რუსული კომპანიებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდეს ტექნოლოგიური საქმიანობის გასაფართოებლად.
