მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფ-მზარეულები ექვსი ქვეყნიდან და აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციის ახალი ეტაპი - ბათუმი სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო ფორუმს "გასტრო ბათუმს" მასპინძლობს
მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფ-მზარეულები ექვსი ქვეყნიდან და აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციის ახალი ეტაპი - ბათუმი სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო ფორუმს „გასტრო ბათუმს“ მასპინძლობს.
საერთაშორისო და ადგილობრივი შეფმზარეულები გემოს საერთაშორისო ენაზე მოყოლას ცდილობენ. ფორუმი ორიენტირებულია გასტრონომიის ტურისტულ და ეკონომიკურ მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.
შეფ-მზარეულმა ირაკლი ქამადაძემ და მიშლენის ვარსკვლავის მქონე ფრანგმა შეფმა სტეფან იაკიჩმა ერთობლივად 5 კერძი მოამზადეს. მათ შორის იყო ქობულეთური ბადრიჯანი -ადგილობრივი გემო, რომელიც საერთაშორისო კულინარიულ გამოცდილებას დაუკავშირეს.
დღეიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, ბათუმი სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ შეფმზარეულებს, გასტრონომიულ კონსულტანტებს, მკვლევრებს, ჟურნალისტებსა და ინფლუენსერებს მასპინძლობს.
ღონისძიების სამივე დღე კულინარიულ მასტერკლასებს ეთმობა. მასტერკლასების ძირითადი მიმართულებებია ხორცის დამუშავება, ხორცპროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები.
წლევანდელი ფორუმის მთავარ სპიკერებს შორის არიან საერთაშორისო გასტრონომიული კონსულტანტი, ბრიტანელი შეფი დანიელ გალმიში, ესპანელი შეფი და გასტრონომიული მკვლევარი ნაუელ პასოსი, საფრანგეთის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის უმაღლესი სკოლის FERRANDI Paris-ის შეფ-ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, პროფესიონალი ყასაბი, საფრანგეთის საუკეთესო ოსტატი რომენ ლებოფი და ფრანგი გასტროფიზიკოსი კრისტოფ ლაველი.
ფორუმს ესპანელი, იტალიელი და ბერძენი ჟურნალისტები და ინფლუენსერებიც ესწრებიან. მათი მიზანია ბათუმსა და აჭარულ გასტრონომიაზე საერთაშორისო აუდიტორიის ინფორმირება. ფორუმის შესახებ მასალები საერთაშორისო კულინარიულ გამოცემებში გამოქვეყნდება. „გასტრო ბათუმს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მეოთხედ ატარებს.
ფორუმზე დასწრება შეუძლიათ ადგილობრივ შეფმზარეულებს, მზარეულებს, რესტორატორებსა და გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს.
„გასტრო ბათუმი“ 29 ნოემბერს აჭარული კერძების საპრეზენტაციო ვახშმით დასრულდება. ფორუმის მიზანი, რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციაა.
