„მალადცი ბრატცი!“ - მაია ნადირაძე
ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე:
„საკონსტიტუციო სასამართლოს მანტიებში გამოწყობილ პატივცემულ გვამებს რომ ვუყურებ, მარტო ერთი აზრი მიტრიალებს თავში – რამ შეიძლება აიძულოს ადამიანი, რომ საქვეყნოდ და ყველას დასანახად ასე დაიმციროს თავი, შეილახოს ღირსება, დაკარგოს ადამიანის სახე და ეს ყველაფერი დოკუმენტირებულად და სამუდამოდ შემოუნახოს საკუთარ შთამომავლობას. რა შეიძლება იყოს ასეთი უბედურების, თვითლიკვიდაციის წყარო? ეს ვერ იქნება ფული! იმიტომ რომ გადარჩენის ინსტიქტი უფრო ძლიერია. ეს ვერ იქნება ვერც უგუნურება, აქაც ინსტიქტი უფრო ძლიერია. ერთადერთი რასაც შეუძლია ასეთი დეგრადაცია, არის შიში. ყველა შიში სიკვდილის შიშამდე დადის და ყველა ინსტიქტი გადარჩენას ემსახურება, მაგრამ თუ შიში ირაციონალურია ან დეგრადირებულია, ის მომაკვდინებელია. აი, რაღაც ისეთი, ოთახში ცეცხლი რომ გაჩნდება და მისი ჩაქრობის მცდელობის მაგივრად მეათე სართულიდან რომ ხტებიან ხოლმე. ალბათ ყველასთვის ცხადია, რომ მე დარდი არა მაქვს ეგენი ცეცხლში ამოიბუგებიან თუ ასფალტს დაენარცხებიან, მითუმეტეს, რისი ეშინიათ, ეგ ვარკვიო…იქამც ყოფილან. მაგრამ ამ ფიქრმა ერთობ პოზიტიურ დასკვნამდე მიმიყვანა : ამ სასამართლომ შექმნა უტყუარი, ასპროცენტიანი დოკუმენტი იმის შესახებ, რას წარმოადგენს იმ კერძო პირის, (პრემიერ მინისტრეზე წინ რომ დგას) ოლიგარქის ხელისუფლება. რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მათი ყველა “ ბრალდება” რეალურად არის საკუთარი დანაშაულების აღიარება და პროექცირება სხვაზე.
ქოცხელისუფლების მუხლჩაუხრელი მცდელობა, რომ გადაეწერა ისტორია, ჩვენი მეხსიერება, გაეფარჩაკებინა ყველა დადებითი მოვლენა, ამ ერთი სასამართლოთი გააბათილა. 14 წელია ანგრევენ, აფუჭებენ, მტერს ელაქუცებიან, მოყვარეს მტრობენ და ისე გაუტიეს, რომ ბოლოს ხარაკირით დაასრულეს.
100 წლის მერეც ყველასთვის დოკუმენტირებულად იქნება გასაგები, რომ ერთხელ, ამ ქვეყანაში, ბედის თუ რაღაცის უკუღმართობის გამო, ქვეყანას დაეპატრონენ ერის მდაბიო ტურები და იღვაწეს ამ ქვეყნის და ხალხის გასაფარჩაკებლად და არაფერი გამოუვიდათ, იმიტომ რომ ბოლო სერიაში სკრუპულოზურად დაარქივეს – -ვინ ვინ არის.
მალადცი ბრატცი! და ერთობ მადლობელი ამ აქტისთვის. ამას ვერც დაწვავთ და ვეღარც გადაახვევთ.“
