ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო გამგებელი მურთაზ ვალიევი დააკავეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ძალოვანმა უწყებებმა ახალგორის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელს, მურთაზ ვალიევს ბორკილები დაადეს. ინფორმაციას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ვალიევს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან, თუმცა დაკავებული წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
საქმის მასალების მიხედვით, ვალიევის საქმიანობით ე.წ. პროკურატურა მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი გზების გამო პროტესტი გამოთქვა. ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2024 წელს, დე ფაქტო გამგებელმა კომუნალურ სამსახურთან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა, ვალიევის მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ გზები შეკეთდა. ამ თაღლითური სქემით ოკუპირებული რაიონის ბიუჯეტს სოლიდური ფინანსური ზარალი მიადგა.
აღსანიშნავია, რომ მურთაზ ვალიევის დაკავების შესახებ ცნობა საოკუპაციო უწყების ოფიციალურ განცხადებამდე ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა გაავრცელა. მეარაყიშვილი წლების განმავლობაში ღიად ამხელდა დე ფაქტო ჩინოვნიკს კორუფციულ გარიგებებში და რაიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა.
