აშშ-ში, მამაკაცმა ცოლი შვილებისთვის ნაყიდი საშობაო საჩუქრების გამო კამათისას მოკლა - რა დეტალები გახდა ცნობილი პოლიციის ანგარიშიდან?
აშშ-ის ჯორჯიის შტატში 33 წლის ჯინ მაკკოლ ალენი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 32 წლის ბონი ლაშეა ალენი საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, ტრაგედიას წინ წყვილის კამათი უძღოდა, რომელიც ოთხი შვილისთვის შეძენილ საშობაო საჩუქრებს უკავშირდებოდა.

გამოცემა People-ის მიერ მოპოვებული პოლიციის ანგარიშის თანახმად, მამაკაცმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ გასროლის შემდეგ ტყვია მის ცოლს თავში მოხვდა.

პოლიციის ანგარიშის მიხედვით, ბონი ბავშვებისთვის შეძენილი საშობაო საჩუქრებით უკმაყოფილო იყო - არ მოსწონდა ნივთების ხარისხი და მათი ტრანსპორტირების საფასურიც აწუხებდა. გარდა ამისა, ტრაგედიის დღეს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მამაკაცი მეუღლის გარდაცვალებიდან ექვსი დღის შემდეგ, პარასკევს დააკავეს და მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება არ დაუშვა. იგი ამჟამად პატიმრობაში რჩება.