ძლიერი მიწისძვრა ლოს-ანჯელესთან - ბიძგების გამო თვითმფრინავი ვერ დაეშვა და ხელახლა აფრენა მოუწია
სამხრეთ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის მახლობლად, სანაპირო ზოლში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ძლიერი ბიძგები გამოიწვია. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 9:30 საათზე ( საქართველოს დროით კი 21:30 საათზე) დაფიქსირდა, მადლიერების დღის აღნიშვნის დროს.
მთავარი მიწისძვრიდან მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სულ მცირე ოთხი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდას მიაღწია. ამ დროისთვის ნაგებობების დაზიანებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრის გამო LAX-ის აეროპორტთან მიახლოებულ Delta-ს ავიახაზების თვითმფრინავს დაშვების შეწყვეტა და ხელახლა აფრენა მოუწია.
ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა, განაცხადა, რომ მანჰეტენ-ბიჩთან ახლოს მომხდარი წინასწარი შეფასებით 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქშიც იგრძნობოდა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტი (LAFD) საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა ქალაქში მიწისძვრის შესაძლო შედეგები შეაფასოს. შესაბამისი სამსახურები ვითარებას მუდმივად აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.