მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 1 ჰა-ზე ხარჯი 8 000 ლარიც რომ ვთქვათ, მეთხილე ფერმერს 25 000 ლარამდე მოგება მაინც რჩება|"ჯეო ნათსი"
1 ჰა-ზე ხარჯი 8 000 ლარიც რომ ვთქვათ, მეთხილე ფერმერს 25 000 ლარამდე მოგება მაინც რჩება|"ჯეო ნათსი"

1 ჰა-ზე ხარჯი 8 000 ლარიც რომ ვთქვათ, მეთხილე ფერმერს 25 000 ლარამდე მოგება მაინც რჩება|"ჯეო ნათსი"

BM.GE21 ივნისი, 2026, 22:19|bm.ge

თხილის გადამმუშავებელი და ექსპორტიორი კომპანია „ჯეო ნათსის“ (Geo Nuts) დირექტორი ჯენერ ბელქანია მეთხილე ფერმერებს მოუწოდებს, თხილის ბაღებს მაქსიმალურად მოუარონ, რადგან ხარისხიანი მოსავლის ფასი წელსაც მაღალი იქნება.

“საოჯახო პირობებში, ერთ ჰექტარზე სრულიად შესაძლებელია 3 ტონა თხილის მიღება. ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს! ხარისხიანი თხილი სულ მცირე 10 ლარი ეღირება. როგორც კარგი მანქანა ღირს ძვირი, ისე ღირს კარგი თხილიც. მე მყავს ფერმერების ჯგუფი, რომელიც 4 ტონასაც იღებს, მაგრამ 3 ტონაც რომ ავიღოთ - ეს არის 30 000 ლარი წელიწადში. მისი მოვლა, აღება, ყველაფერი ერთად 4 000 ლარზე მეტი არ ჯდება. თუნდაც ეს ხარჯი ორჯერ გავზარდოთ და 8 000 ლარი ვთქვათ, ფერმერს სუფთა მოგება მინიმუმ 22 000 - 25 000 ლარი მაინც რჩება”, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც თხილის დარგში არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა.

როგორც ცნობილია, თხილის სექტორის გამოწვევად რჩება ფაროსანასთან ბრძოლა და ასევე, შედარებით ახალი ბაქტერია - სახელად “ფსევდომონა”, რომელსაც დარგში “თხილის კიბოს” უწოდებენ.

ინტერვიუში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თხილის ბაღების მოვლის პრაქტიკაზე. ჯენერ ბელქანიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ 2-3-ჯერ შეწამვლა სასურველ შედეგს ვერ იძლევა და აუცილებელია, სისტემური მიდგომა.

“ჩვენ ფაროსანაზე შარშან შევწამლეთ 12-ჯერ! ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ შეწამვლა ეგ არაფერი არ არის. ბაღი უნდა დამუშავდეს ფაროსანას წინააღმდეგ 12-ჯერ. ეს არის ძალიან მარტივი”, - თქვა მან.

წამყვანის კითხვაზე, აქვთ თუ არა ადგილობრივ საოჯახო მეურნეობებს ამის ფინანსური შესაძლებლობა, ჯენერ ბელქანიამ განმარტა, რომ ეს პროცესი სინამდვილეში საკმაოდ იაფია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექნიკური აღჭურვილობა ფერმერებს უკვე აქვთ.

“ერთი ჰექტარის შეწამვლა ჯდება 50 ლარი. მოგეხსენებათ, გლეხებში დარიგდა შესაწამლი სასხური აპარატები. თუ ეს აპარატი არის, ამით სრულიად შესაძლებელია 50 ლარად შეიწამლოს ერთი ჰექტარი”, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბაქტერია “ფსევდომონას” წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ბაღების უეცარ ხმობას იწვევს, ჯენერ ბელქანიას მთავარი რჩევა ფერმერებისთვის დაავადების პრევენცია და ბაღის მუდმივი მონიტორინგია.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ხე გახმობას დაიწყებს, მკურნალობა უკვე დაგვიანებულია, ამიტომ აუცილებელია, ბაღების პროფილაქტიკური შეწამვლა სპილენძის შემცველი პრეპარატებით შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე.

მართალია, 2026 წლიდან, სახელმწიფო თხილის სექტორის სუბსიდირების პროგრამას აღარ ახორციელებს, თუმცა ჯენერ ბელქანიას განმარტებით, პრევენციისთვის საჭირო სპილენძის ხსნარი ძვირი არ ჯდება და 1 ჰექტარზე ხარჯი 150 ლარის ფარგლებშია.

"იმ შემთხვევაში კი, თუ ბაქტერია მცენარეს უკვე შეეხო, ერთადერთ გამოსავლად ინფიცირებული ხის სასწრაფო მოჭრა, ბაღიდან გატანა და მისი ფესვიანად განადგურება რჩება", - ამბობს ის.

“წერტილის” წამყვანის ტრადიციულ კითხვაზე, თუ რა არის დღეს თხილის სექტორის ყველაზე სუსტი წერტილი, ჯენერ ბელქანიამ პირდაპირ დააფიქსირა, რომ ეს არის ფერმერებში ცოდნის დეფიციტი და არა - ფინანსების ნაკლებობა.

მისივე თქმით, სახელმწიფო პოლიტიკაც უფრო მეტად საგანმანათლებლო კუთხით უნდა განვითარდეს.

„ფერმერს უფრო მეტად სჭირდება შემეცნება, ვიდრე - ფულადი სუბსიდირება. ფულადი სუბსიდირება არის 500 ლარი, მაგრამ როცა შენ ერთ ჰექტარზე 3 ტონის მიღება აბსოლუტურად შეგიძლია, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ. დარგის სუსტი წერტილი თავად ფერმერის ცოდნის დეფიციტია. აი, ამაზე უკეთესი მოტივაცია მე აღარ შემიძლია ვუთხრა ადამიანს - შენ შეგიძლია ერთი ჰექტარიდან მიიღო 30 000 ლარი. ამისთვის საჭიროა შრომა და ვუსურვებ ყველას, ბევრი გვეშრომოს და მაღალი შედეგი მიგვეღოს“, - აღნიშნა ჯენერ ბელქანიამ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაჭას ინფრასტრუქტურული "შოკური თერაპია" და მსხვილი ინვესტიციები სჭირდება - "საყუდელას" დამფუძნებელი

რაჭას ინფრასტრუქტურული "შოკური თერაპია" და მსხვილი ინვესტიციები სჭირდება - "საყუდელას" დამფუძნებელი

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

რამდენად შენარჩუნებადია [მაღალი] ეკონომიკური ზრდა? დიდ რისკებს ვხედავ ამ მიმართულებით - ქობულია

რამდენად შენარჩუნებადია [მაღალი] ეკონომიკური ზრდა? დიდ რისკებს ვხედავ ამ მიმართულებით - ქობულია

BM.GE

A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა - რა ტარიფები ამოქმედდა?

A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა - რა ტარიფები ამოქმედდა?

BM.GE