მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 1 მეტრი წყლის ქვეშ იხრჩობი თუ 50 მეტრის, მაინც იხრჩობი... - ფადი ასლი "ბიზნესის დუმილის კანონზე"
1 მეტრი წყლის ქვეშ იხრჩობი თუ 50 მეტრის, მაინც იხრჩობი... - ფადი ასლი "ბიზნესის დუმილის კანონზე"

1 მეტრი წყლის ქვეშ იხრჩობი თუ 50 მეტრის, მაინც იხრჩობი... - ფადი ასლი "ბიზნესის დუმილის კანონზე"

BM.GE27 მაისი, 2026, 17:49|bm.ge

"1 მეტრი წყლის ქვეშ იხრჩობი თუ 50 მეტრის, მაინც იხრჩობი. ასე რომ, უკვე აღარ ვითვლით, რამდენ მეტრით ვართ წყლის ქვეშ",- ამის შესახებ ICC საქართველოს თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ ბიზნესის პოლიტიკური აქტივობის შემზღუდავი კანონის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ზოგადად, ბიზნესი არ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, თუმცა ეს კანონი მთავრობას ინტერპრეტაციის თავისუფლებას აძლევს, ის გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის, კრიტიკულად განწყობილი ბიზნესების წინააღმდეგ.

"ზოგადად, ბიზნესი არ ერევა პოლიტიკაში და არ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. მაგრამ, პირდაპირი მნიშვნელობით რომ ავიღოთ, ეს იგივეა, ქართველებს რომ უთხრა: ღამის 3-დან 4 საათამდე ქუჩაში სიარული არ შეიძლებაო. დიახ, ეს არის მათი თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ რამდენი ადამიანი დადის ქუჩაში დილის 3-დან 4 საათამდე? ყველას სძინავს. იგივეა ბიზნეს საზოგადოებასთან მიმართებითაც. ბიზნესები არ აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. თუმცა, ვფიქრობ, როგორ იმუშავებს ეს, როდესაც ბევრი ბიზნესმენი სწირავს ფულს "ქართულ ოცნებას", ისინი ფულს სწირავენ ინდივიდუალურ დონეზე. ჩაითვლება თუ არა ფულის შეწირვა პოლიტიკურ განცხადებად? რადგან, თუ არსებობს ასეთი კანონი, მაშინ ბიზნესმენებს ინდივიდუალურ დონეზეც უნდა აეკრძალოთ ფულის შეწირვა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, მათ შორის "ქართული ოცნებისთვის". ასე რომ, რა თქმა უნდა, კანონში არის შეუსაბამობები. ამასთან, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, ორგანული კანონების დარღვევა და იმის გაგების დარღვევა, თუ რას წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ეს აძლევს მთავრობას ინტერპრეტაციის თავისუფლებას და გადასცემს ამ თავისუფლებას გამომძიებელს, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს ეს დეტალები. ასე რომ, მთელი ეს კანონი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად იქნება გამოყენებული, რათა შეზღუდოს ის ბიზნესები, რომლებიც მმართველი პარტიის მიმართ სიმპათიით არ არიან განწყობილნი და შექმნას შიშის ატმოსფერო ბიზნეს საზოგადოებაში. თუმცა, ბიზნესების უმრავლესობა, ვიტყოდი 99.99%, არ აკეთებს არანაირ პოლიტიკურ განცხადებას. ეს არ არის კარგი საქართველოში ბიზნეს კლიმატისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის. ეს კანონი და მრავალი სხვა კანონი, რომლებიც ასევე მიიღო ამჟამინდელმა და ყოფილმა პარლამენტმა, საქართველოს წარმოაჩენს როგორც ტოტალურ ავტოკრატიას. მაგრამ, იცით, 1 მეტრი წყლის ქვეშ იხრჩობი თუ 50 მეტრი წყლის ქვეშ, მაინც იხრჩობი. ასე რომ, ჩვენ უკვე აღარ ვითვლით, რამდენ მეტრით ვართ წყლის ქვეშ",- ამბობს ფადი ასლი.

საქმე ისაა, რომ მეწარმეებს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, 4 მარტიდან საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის საქმიანობას არ უკავშირდება. პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძის პირველი კომენტარი ბრიტანეთის მიერ საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანიის სანქცირებაზე

კობახიძის პირველი კომენტარი ბრიტანეთის მიერ საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანიის სანქცირებაზე

BM.GE

„უძრავ ქონებაზე ფასი და მოთხოვნა გაიზრდება" – ილია წულაია

„უძრავ ქონებაზე ფასი და მოთხოვნა გაიზრდება" – ილია წულაია

BM.GE

"აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე ექცევა" - The Washington Post საქართველოზე წერს

"აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე ექცევა" - The Washington Post საქართველოზე წერს

BM.GE

გლობალური კრიზისი გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება - ნათია თურნავა

გლობალური კრიზისი გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება - ნათია თურნავა

BM.GE