
10-დან 15%-მდე ROI და პრემიუმ ინფრასტრუქტურა - რა ეტაპზეა "ახალი ატრიუმის" მშენებლობა?
თბილისში, სააკაძის მოედნისა და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარედ, პრემიუმ კლასის ახალი ბიზნესცენტრის - "ახალი ატრიუმის" მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. პროექტის ინფრასტრუქტურულ უპირატესობებზე, საინვესტიციო ღირებულებასა და მშენებლობის მიმდინარეობაზე BMG-ის "ბიზნესის კვირეულის" ეთერში კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
როგორც "ახალი ატრიუმის" გაყიდვების მენეჯერმა, მიხეილ გულიაშვილმა აღნიშნა, პროექტი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ და სტრატეგიულ სატრანსპორტო კვანძში ვითარდება, უკვე იქცა როგორც ადგილობრივი კომპანიების, ისე უცხოელი ინვესტორების ინტერესის ობიექტად. კომპანიაში განმარტავენ, პროექტში ინვესტირების შემთხვევაში გათვლილია სტაბილური და მაღალი უკუგება. წლიური საინვესტიციო ამონაგების მოლოდინი 10-დან 12%-მდე მერყეობს, თუმცა სწორი დაგეგმვის პირობებში ეს მაჩვენებელი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
"თუ კვადრატულ მეტრში ინვესტორი იხდის 2 200 დოლარს პლუს დღგ-ს, მინიმუმ კვადრატული მეტრი ყოველთვიურად 22 დოლარად (პლუს დღგ) შეუძლია, გააქირავოს. გარდა ამისა, თუ ინვესტორი შეიძენს შედარებით დიდ - მაგალითად, 250-300 კვ.მ. ფართს და მას პატარ-პატარა საოფისე სივრცეებად დაყოფს, ამ შემთხვევაში წლიური ამონაგები კიდევ უფრო მაღალი იქნება და შესაძლოა, 15%-საც მიაღწიოს", - აცხადებს მიხეილ გულიაშვილი.
დღეისათვის ბიზნესცენტრში საოფისე ფართების ღირებულება 2 200-დან 2 350 დოლარამდე (პლუს დღგ) მერყეობს. ფასი დამოკიდებულია სართულზე, ხედზე, გადახდის პირობებსა და ფართობის მოცულობაზე. ამასთან, ერთიანად გადახდის შემთხვევაში მყიდველს შესაძლებლობა აქვს, კვადრატულ მეტრზე 100 დოლარამდე თანხა დაზოგოს. გაყიდვების მენეჯერის თქმით, 1-ელი დეკემბრიდან ფასების ზრდაც იგეგმება, კვადრატულ მეტრზე სულ მცირე 100–150 დოლარით.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ამ ფონზე გაყიდვების დაახლოებით 80% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, ხოლო 20% არარეზიდენტ ინვესტორებს უკავიათ:
"არარეზიდენტ მყიდველებს რაც შეეხება, გვყავს პარტნიორები ისრაელიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და ინდოეთიდანაც კი. მათგან რამდენიმემ ჩვენს პროექტს რეკომენდაცია საკუთარ მეგობრებთანაც გაუწია, რის საფუძველზეც ახალი გარიგებები უკვე გაზრდილი ფასით წარმატებით დავხურეთ", - ამბობს მიხეილ გულიაშვილი.
მიუხედავად აქტიური სამშენებლო ფაზისა, გულიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფართების მხოლოდ 30%-ია რეალიზებული. მისივე თქმით, ეს კომპანიის გააზრებული სტრატეგია იყო: "თიბისი ბანკის" მყარი ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, დეველოპერს არ დასჭირდა პროექტის საწყის ეტაპზევე დაბალ ფასად გაყიდვა, რაც დღეს პოტენციურ მყიდველს უნიკალურ შანსს აძლევს - მშენებლობის დასკვნით ფაზაში თავად აარჩიოს სასურველი სართული, ფართობი და ხედი.
"ახალი ატრიუმის" სამშენებლო მოედანზე ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. პროექტი მალე მფლობელებს შიდა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად გადაეცემა. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ "ახალი ატრიუმის" პროექტის მენეჯერი, ლაშა ჯიხვაშვილი საუბრობს.
"კონსტრუქციული ნაწილი - რკინაბეტონის, მონოლითის სამუშაოები სრულად დასრულებულია. სახურავზე დასრულდა ჰიდროიზოლაცია და მიმდინარეობს გათბობა-გაგრილების ცენტრალური აგრეგატების მონტაჟი. შიდა ცენტრალური საინჟინრო ქსელების მოწყობა დასრულებულია, ტიხრები და თაბაშირ-მუყაოთი შეფითხვის სამუშაოებიც ბოლო ეტაპზეა. თვის ბოლოდან უკვე იატაკის მოჭიმვის სამუშაოებს ვიწყებთ. ფაქტობრივად, ნოემბრიდან მფლობელებს უკვე შეეძლებათ შემოსვლა და საკუთარი სარემონტო სამუშაოების დაწყება", - ამბობს ჯიხვაშვილი.
მისივე განმარტებით, მომავალ მფლობელებს შენობა სრულად მოპირკეთებული ფასადითა და "მწვანე კარკასის" კონდიციით ჩაბარდებათ. ფართობები 30 კვ.მ.-დან იწყება და მაქსიმალურად ერგება დამკვეთის სურვილებს: შიდა გეგმარება მოქნილია და შესაძლებელია როგორც მცირე (30, 50, 60 კვ.მ.), ისე მასშტაბური საოფისე სივრცეების გაერთიანება.
"ახალი ატრიუმის" შექმნის საფუძველი პირველი "ატრიუმის" წარმატება გახდა. კომპანიამ პირველი ბიზნესცენტრის მშენებლობა 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაიწყო. მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, სწორმა გათვლებმა გაამართლა - პირველი "ატრიუმი" 100%-ით შეივსო და დღესაც სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.
"ახალი ატრიუმის" დირექტორის, თამაზ ლუხუმაიძეს თქმით, ბაზარზე ხარისხიან საოფისე ფართებზე არსებულმა დეფიციტმა და გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა ახალი, გაცილებით მასშტაბური პროექტის დაწყება. "ახალი ატრიუმი" 12 400 კვადრატულ მეტრს მოიცავს. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ დოლარს აჭარბებს, საიდანაც 11 მილიონი დოლარის თანამონაწილეობა "თიბისი ბანკმა" უზრუნველყო.
"პირველმა პროექტმა, რომელიც 7 000 კვ.მ. ფართს მოიცავდა, 100%-იანი დატვირთულობა აჩვენა. 2020 წელს, პანდემიის დროს დაწყებულმა ამ საქმემ მოითხოვა სწორი გათვლები და შორსმჭვრეტელობა. მივიღეთ უდიდესი გამოცდილება, რამაც განაპირობა კიდევ უფრო მასშტაბური - 12 400 კვ.მ. ფართობის მქონე ახალი ბიზნესსივრცის შექმნა", - ამბობს თამაზ ლუხუმაიძე.
მისივე თქმით, "ახალი ატრიუმის" უმთავრესი უპირატესობა მისი მრავალფუნქციურობა, საინჟინრო უსაფრთხოება და ლოკაციაა. შენობის არქიტექტურა ცენტრალური შემინული ატრიუმით უზრუნველყოფს უხვი ბუნებრივი სინათლის შემოდინებასა და ღია, თავისუფალ გარემოს.
ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე - პარკირების პრობლემას პროექტი საკუთარი 130-ადგილიანი ორდონიანი ავტოსადგომით აგვარებს. გარდა ამისა, კომპლექსში თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა: კაფე-რესტორნები და კვების ობიექტები; საერთო მოსასვენებელი გამწვანებული სივრცეები და ტერასები; საკონფერენციო დარბაზები საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის და სხვა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ატრიუმის" დირექტორის თქმით, კომპანია ბაზარს აქტიურად აკვირდება, თუმცა რაოდენობაზე მეტად აქცენტს ხარისხის შენარჩუნებასა და სწორი ლოკაციების შერჩევაზე აკეთებს.
"ჩვენთვის მთავარი პროექტების რაოდენობის უბრალო ზრდა კი არა, ხარისხის უმაღლეს დონეზე შენარჩუნებაა. გაფართოებას აუცილებლად ვგეგმავთ, თუმცა შემდეგი ობიექტებისთვისაც შევარჩევთ ისეთ სწორ ლოკაციებს, რაც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება. დაგროვილი გამოცდილებით, ჩვენი ყოველი მომდევნო პროექტი წინაზე უკეთესი იქნება", - აღნიშნავს თამაზ ლუხუმაიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge