
სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე ორიენტირება სისულელეა - გია ჯანდიერი
მიდგომა, რომ სახელმწიფო საწარმოები მოგებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, არასწორია - ასე აფასებს ეკონომისტი, “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, რომლის ერთ-ერთი მიზანი ამ კომპანიების კორპორატიზაციაა.
როგორც გია ჯანდიერმა “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, სახელმწიფო საწარმოები მხოლოდ იმ სექტორებში და მიმართულებებში უნდა ოპერირებდნენ, სადაც შესაბამის ფუნქციებს კერძო სექტორი ვერ ასრულებს.
საქმე ისაა, რომ მთავრობამ სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საწარმოებში კორპორაციული მართვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების და სტანდარტების დანერგვას. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლისთვის აღნიშნული სტანდარტები არანაკლებ 10 სახელმწიფო კორპორაციაში უნდა იყოს დანერგილი.
“დიდი ხანია უკვე, 15 წელია ალბათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვს, რომ წესრიგი დამყარდეს ამ მიმართულებით და სახელმწიფო პასუხს არ აგებდეს სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებზე. დიდი ხანია ეს საკითხი ყველა მათ მოთხოვნაში ყოველწლიურად მეორდება.
მეორე მხრივ, მე პირადად საბჭოთა კავშირის დროსაც ვმუშაობდი და აუდიტს ვეწეოდი სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით და როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მაშინ ვამბობდი კიდეც, რომ ამას არაფერი ეშველება იმ კონკრეტული თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ეკონომიკაში მონაწილეობა, სარგებლის მოტანა და საწარმოების მართვა სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც კი დამთავრდა საბჭოთა კავშირი, მაშინვე ერთ-ერთი პირველი მონაწილე ვიყავი დისკუსიების, რომ სასწრაფოდ პრივატიზებაში გაგვეშვა ყველა საწარმო.
მნიშვნელოვანია სამი სხვადასხვა ტიპის განხილვა მოხდეს. ერთი – სამართლებრივი: რამდენად სწორი არის სახელმწიფოსთვის, რომ უფლება ჰქონდეს სარგებელზე ორიენტირებული საქმიანობის, იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ასეთი რაღაც არ წერია. რაც არ წერია კონსტიტუციაში რომ სახელმწიფოს ფუნქციაა, იმას არ უნდა ასრულებდეს.
მეორე არის ის, რომ რამდენად შეუძლია [სახელმწიფოს] ეკონომიკური თვალსაზრისით რომ ამ საქმეს გაუძღვეს. და მესამე, ასევე მნიშვნელოვანია, წესრიგი არსებობდეს. და ეს წესრიგი რა უნდა იყოს? ის, რომ რისთვის ვქმნით სახელმწიფო საწარმოს, მკაფიო უნდა იყოს, რომ შემდგომში შეიძლებოდეს მისი გადამოწმება – ის ამოცანები სრულდება თუ არ სრულდება, რომელიც ჩვენ დავუსახეთ მას.
მიმაჩნია, რომ სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე ორიენტირება სისულელეა, იმიტომ, რომ თუ [კომპანიას] მოგება შეუძლია, მაშინ ის კერძო იყოს. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რატომაც ქმნი სახელმწიფო საწარმოს, შეიძლება ის იყოს, რომ ამ სფეროში ჩავარდნა აქვს კერძო სექტორს, მოგებას არ იძლევა და ამიტომ სახელმწიფომ თქვა, რომ რადგან კერძო სექტორი არ კიდებს ხელს, მე მოვკიდებ ხელს. თუ მოგებას იძლევა [საწარმო], მაშინ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ის სახელმწიფოს ეკუთვნოდეს.
მე სოციალური პროექტების 100%-იანი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თუ ეს მაინც სოციალური პროექტია, მაშინ კონკრეტულად უნდა თქვან, რა სოციალური პროექტია, რას ემსახურება, რომ შემდგომში შეგვეძლოს მოქალაქეებს, გადავამოწმოთ ეს ამოცანები სრულდება თუ არ სრულდება. მაგალითად, თუ არის სოციალური პროექტი რომ სუბსიდირება ხდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, მაშინ ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, ეს რას ემსახურება და ის ამოცანები სრულდება თუ არა ზუსტად, რომელიც დავისახეთ ამ სოციალური პროექტით.
ასევე შეიძლება გვქონდეს კომპანიები, რომლებიც ემსახურება სტრატეგიულ მიზნებს. ამ თვალსაზრისითაც საჭიროა კონკრეტული წესრიგი, რომ სახელმწიფომ დასახოს, რა არის სტრატეგიული მიზანი ასეთი კომპანიების. სტრატეგია რაში მდგომარეობს”, - განაცხადა გია ჯანდიერმა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს მიერ ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების დახვეწას, კერძოდ, ფინანსურ ზედამხედველობას უნდა დაექვემდებაროს ყველა ის სახელმწიფო კორპორაცია, რომლის წლიური ბრუნვაც 10 მლნ ლარს აღემატება.
BM.GE
წყარო: bm.ge