
10 ქვეყანა, სადაც პარლამენტარებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ - სად არის საქართველო?
პოლიტიკოსებისა და კანონმდებლების შემოსავალი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად მგრძნობიარე თემაა. მიზეზი მარტივია: მათი შრომის ანაზღაურება, პრივილეგიები და დანამატები პირდაპირ გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან ფინანსდება. სწორედ ამიტომ, როდესაც მოქალაქეებს ცხოვრების გაძვირებასთან გამკლავება უწევთ, საზოგადოება მუდმივად აკვირდება, თუ რამდენად ადეკვატურია იმ ადამიანების შემოსავალი, ვისაც ქვეყნის მართვა და ბიუჯეტის განკარგვა აბარია.
საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებელთა ხელფასები საგრძნობლად განსხვავდება. გაგაცნობთ იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც პარლამენტარები ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ, და განვიხილავთ, როგორია ვითარება ამ მხრივ საქართველოში.
TOP-10 ქვეყანა, სადაც პარლამენტარებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ
გაერთიანებული სამეფოთემთა პალატის 650 წევრის წლიური ხელფასი ბოლო 5%-იანი მატების შემდეგ 132 800 დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო წლიურ შემოსავალზე სამჯერ მეტია. 2009 წლის გახმაურებული საპარლამენტო სკანდალის შემდეგ, ბრიტანელი დეპუტატების ანაზღაურებას დამოუკიდებელი ორგანო განსაზღვრავს, რათა გადასახადის გადამხდელთა უკმაყოფილება მაქსიმალურად შემცირდეს.
კოლუმბია კოლუმბიის კონგრესის 295 წევრი წელიწადში საშუალოდ 139 080 დოლარს გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით თვალშისაცემია ადგილობრივ ეკონომიკურ ფონზე: მათი წლიური შემოსავალი ქვეყნის საშუალო ხელფასს 10-ჯერ აღემატება, რასაც ემატება უხვი სოციალური პაკეტები და ხარჯების ანაზღაურება. ხელფასების 30%-ით შემცირების ინიციატივები კი აქ პარლამენტართა მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება.
ავსტრია ავსტრიის ეროვნული საბჭოს 183 კანონმდებლის წლიური ანაზღაურება 144 430 დოლარია, რაც ქვეყნის საშუალო წლიურ ხელფასს ორჯერ აღემატება. გარდა ამისა, დეპუტატები იღებენ სოლიდურ დაფინანსებას სამუშაო ხარჯებისა და საკუთარი პერსონალის შენახვისთვის.
იტალია იტალიის დეპუტატთა პალატის 400 წევრის წლიური შემოსავალი 145 600 დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო ხელფასზე ოთხჯერ მეტია - ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრასტია. იტალიელი გადასახადის გადამხდელები პოლიტიკოსთა ანაზღაურების ნებისმიერ მატებას დიდი კრიტიკით ხვდებიან, რის გამოც მთავრობას გადაწყვეტილებების კორექტირება ხშირად უწევს.
სინგაპური სინგაპურში პარლამენტის 96 წევრი წლიურად 152 180 დოლარს იღებს. ცხოვრების უკიდურესად მაღალი ღირებულების გათვალისწინებით, ეს თანხა ქვეყნის საშუალო ხელფასს მხოლოდ სამჯერ აღემატება და ადგილობრივად გადამეტებულად არ მიიჩნევა. თუმცა, სრულიად განსხვავებულია პრემიერ-მინისტრის შემთხვევა: ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერია და წელიწადში თითქმის ორ მილიონს გამოიმუშავებს.
კანადა კანადის თემთა პალატის 338 წევრის საბაზო წლიური ხელფასი 157 980 დოლარს შეადგენს, რაც საშუალო კანადელის შემოსავალზე სამჯერ მეტია. ბოლო 4%-იანმა ზრდამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა, რის გამოც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნამატის მიღებაზე პროტესტის ნიშნად უარიც კი თქვა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ფედერალური ეროვნული საბჭოს 40 წევრი წელიწადში 163 380 დოლარს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანოს ქვეყნის მართვაში მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია აქვს და რეალური ძალაუფლება მონარქებს ეკუთვნით, მათი კომპენსაცია ქვეყნის საშუალო წლიურ ხელფასს მაინც სამჯერ აღემატება.
გერმანია ბუნდესტაგის 735 წევრის წლიური ანაზღაურება 165 110 დოლარია - თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე საშუალო გერმანელი დასაქმებულის შემოსავალი. გერმანიის კანონმდებლობით, პოლიტიკოსთა მაღალი ანაზღაურება ანტიკორუფციულ გარანტად განიხილება, რათა ისინი ფინანსურად სრულად დამოუკიდებლები იყვნენ.
ავსტრალია ავსტრალიელი პარლამენტარები (წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები) წელიწადში 172 710 დოლარს გამოიმუშავებენ, რაც საშუალო ხელფასზე ორჯერ მეტია. ამასთან, მათთვის ხელმისაწვდომია სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯების სოლიდური ანაზღაურებაც. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში უკანასკნელ წლებში ხელფასების ზრდის ტემპი შეიზღუდა და 2026 წლისთვის მატება საერთოდ გამოირიცხა.
აშშ კონგრესის 535 წევრი მსოფლიოში ნომინალურად ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს - წლიურად 174 000 დოლარს. თუმცა, ფარდობითი მაჩვენებლით ეს თანხა ქვეყნის საშუალო წლიურ ანაზღაურებას სამჯერაც არ აღემატება. ამომრჩეველთა რისხვის თავიდან ასაცილებლად, კონგრესმენთა ხელფასი 2009 წლის შემდეგ გაყინულია; წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფლაციის კვალდაკვალ ის დღეს 270 000 დოლარს უნდა აღემატებოდეს.
რა ვითარებაა საქართველოში?
საქართველოს შემთხვევაში, საქმე პირიქითაა. ქვეყანაში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება, 2022 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, წელიწადში საშუალოდ 10%-ით იზრდება. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მათი საბაზო ხელფასი 1 460-დან 1 600 ლარამდე გაიზარდა. ვინაიდან პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება პირდაპირ ამ საბაზო მაჩვენებელზეა მიბმული, გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე მათი წლიური შემოსავალიც ავტომატურად გაიზარდა:
• პრეზიდენტი - 192 000 ლარი წელიწადში (თვეში 16 000 ₾); • პრემიერ-მინისტრი - 192 000 ლარი წელიწადში (თვეში 16 000 ₾); • პარლამენტის თავმჯდომარე - 192 000 ლარი წელიწადში (თვეში 16 000 ₾); • მინისტრები - 163 200 ლარი წელიწადში (თვეში 13 600 ₾); • პარლამენტის წევრები (რიგითი დეპუტატები) - 153 600 ლარი წელიწადში (თვეში 12 800 ₾).
შედარებისთვის: საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 389 ლარს შეადგენს, რაც წლიურად 28 668 ლარს უტოლდება.
ეს ნიშნავს, რომ ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული უმაღლესი პირებისა და მინისტრების წლიური შემოსავალი ქვეყნის საშუალო წლიურ ხელფასს თითქმის 6-7-ჯერ აღემატება, ხოლო რიგითი დეპუტატების ანაზღაურება - 5-ჯერ მეტია.
BM.GE
წყარო: bm.ge