მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "10 წელია, გუდაურის ტრასები ქვებისგან არ გაუწმენდიათ...MTA-ის ახალი მენეჯმენტი 24 საათი მუშაობს|მირანდა ესაკია
"10 წელია, გუდაურის ტრასები ქვებისგან არ გაუწმენდიათ...MTA-ის ახალი მენეჯმენტი 24 საათი მუშაობს|მირანდა ესაკია

"10 წელია, გუდაურის ტრასები ქვებისგან არ გაუწმენდიათ...MTA-ის ახალი მენეჯმენტი 24 საათი მუშაობს|მირანდა ესაკია

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 01:00|bm.ge

„გუდაურის ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაწყებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ 10-წლიანი უძრაობის შემდეგ კურორტზე რეალური ინფრასტრუქტურული ცვლილებები პირველად ხორციელდება.

მიუხედავად იმისა, რომ მირანდა ესაკია წლების განმავლობაში MTA-ის მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო, ამჯერად მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ლევან დარსალიას „ნდობის კრედიტს“ უცხადებს.

„გუდაურის ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელი საბაგიროებზე გაზრდილ ტარიფებსაც გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „ფასს უნდა ჰქონდეს დასაბუთება, მომსახურებას კი - ხარისხი“.

საქმე ის არის, რომ მთის კურორტებზე საბაგიროების საერთო სეზონური აბონემენტი 650-დან 1000 ლარამდე ძვირდება, ანუ მატება 350 ლარია. იზრდება ერთდღიანი და მრავალდღიანი აბონემენტების ფასებიც. მაგალითად, გუდაურში ერთი საბაგიროთი სარგებლობის ერთდღიანი ბილეთი, რომელიც გასულ სეზონზე როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის 70 ლარი ღირდა, 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე საქართველოს მოქალაქეებისთვის 90 ლარი, უცხოელებისთვის კი 120 ლარი ეღირება.

„10 წელია, გუდაურის ტრასებიდან არავის ქვა არ აუღია. 10 წელია, არ მომხდარა ისეთი ცვლილებები, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ამას აღვნიშნავ - არ შეიძლება სულ ვჩხუბობდე, არა?! მინდა დავიჯერო, რომ ვითარება მართლაც შეიცვალა, რადგან ახალი მენეჯმენტი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს: მთა ქვებისგან გაიწმინდა; დემონტაჟი გაუკეთდა ამორტიზებულ საბაგიროებს; რეაბილიტაცია ჩაუტარდა გათოვლიანების სისტემას, რომელშიც 14 მილიონი გადავიხადეთ და 10 წელია, ვერ ამუშავდა; გარდა ამისა, დამატებით 7 კილომეტრის ტრასა გათოვლიანდება. მოკლედ, კერძო სექტორი ვხედავთ, რომ ახალი მენეჯმენტი 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე მუშაობს“, - განაცხადა მირანდა ესაკიამ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”.

მისი ინფორმაციით, MTA-ის ახალი ხელმძღვანელობა პროცესების გაციფრულებასა და გამჭვირვალობაზე მუშაობს, თუმცა რეალური შედეგი 20 დეკემბერს, სეზონის გახსნისას გამოჩნდება. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ შესაბამის უწყებებს კურორტზე ელექტროენერგიის დატაცების ფაქტებზეც მიმართა და ინფორმირებულია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება საბაგიროებზე გაზრდილი ფასების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, მირანდა ესაკია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა ფუფუნების საგნის სუბსიდირება არ უნდა მოახდინოს მაშინ, როცა ქვეყანაში ბევრად მწვავე სოციალური პრობლემები დგას.

„მთის კურორტები არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია - ეს არის ბიზნესსტრუქტურა და ჩვენ გაჭირვებულ სახელმწიფოს არ უნდა ვთხოვდეთ, რომ ჩემი სიამოვნება - თხილამური არის სიამოვნება და ეს არის ფუფუნება - დააფინანსოს. კარგი იქნებოდა, ასე დაჟინებით ვთხოვდეთ: „სახელმწიფო, მოდი რა, მე გადავიხდი თხილამურით სრიალში ამ თანხას, მაგრამ მოდი, შენ დააფინანსე ბავშვების კვება სკოლაში; დააფინანსე პენსიონერებისთვის წამლები და ა.შ.“ - თქვა მან.

„გუდაურის ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებლის შეფასებით, წლების განმავლობაში ტარიფების უცვლელობა წინა მენეჯმენტის არასწორი პოლიტიკის ბრალი იყო, რის გამოც კურორტები ზარალზე გადიოდა და სახელმწიფოს მხრიდან საოპერაციო ხარჯების (საწვავი, დენი, ხელფასები) 21 მილიონი ლარით დაფინანსება ხდებოდა საჭირო.

ამის მიუხედავად, მირანდა ესაკიას MTA-ის მენეჯმენტთან კვლავ აქვს კითხვები მთის ოთხივე კურორტის ბიუჯეტის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ წელს, აპრილში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გუდაურის ბიუჯეტის (ხარჯებისა და შემოსავლების) ცალკე გამოყოფისა და გასაჯაროების თხოვნით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელი დადებითად აფასებს უცხოელი ტურისტებისთვის საბაგიროების ფასის ზრდასაც და განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი ტრასებზე უსაფრთხოების დაცვასა და სეგმენტის გაცხრილვას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, გუდაური უცხოელი დამსვენებლებისთვის ზედმეტად დაბალბიუჯეტიანი იყო. პირადად მქონია მათთან ამ საკითხზე საუბარი და აღნიშნავდნენ: „თქვენი კურორტი იმდენად იაფია, რომ ტრასები გადატვირთულია ისეთი დაბალბიუჯეტიანი სეგმენტის ტურისტებით, რომლებმაც სრიალი არ იციან და საფრთხეს უქმნიან სხვა მოთხილამურეებს“. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან ეფექტიანია უცხოელ დამსვენებლებში სამიზნე სეგმენტის გასაფილტრად“, - განმარტა მან.

ამასთან, მირანდა ესაკია უერთდება სტუდენტების მანიფესტს და მთის კურორტების მენეჯმენტს ახალგაზრდებისთვის ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდებს:

„მსურს, თქვენი ეთერის საშუალებით მივმართო მთის კურორტების ხელმძღვანელობას: ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და აზარტული თამაშების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია მათთვის საშეღავათო პირობების დაწესება. სრულად ვიზიარებ სტუდენტების მანიფესტის სულისკვეთებას და ვიმედოვნებ, რომ სტუდენტებისა და სპორტსკოლებისთვის ტარიფები გადაიხედება“, - განაცხადა „გუდაურის ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი - რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ენერგეტიკის სექტორში ახალი აუქციონი?

ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი - რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ენერგეტიკის სექტორში ახალი აუქციონი?

BM.GE

მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3 მლნ-მდე გაიზარდა

მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

20 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

20 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE