
"1000-ზე მეტი შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები" - ტურიზმის ადმინისტრაცია ITB China-ს შედეგებს აფასებს
შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მათი ორგანიზებით პრეზენტაციები და შეხვედრები მიმდინარეობდა.
ITB China-ს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინოს. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალური კულტურული პროგრამა მოეწყო.
"შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026 საქართველოს დელეგაციაში შემავალმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა 1000-ზე მეტი შეხვედრა გამართეს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. საერთაშორისო გამოფენაზე 30-მდე ქართული კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია იყო მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე", - აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ITB China არის ნაწილი ჩინურ კომპანია Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology-თან გაფორმებული თითქმის 1.5 მლნ დოლარის ხელშეკრულების, რომლის მიზანია ქართული ტურიზმის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზება. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უშუალოდ ITB China-ზე 185 ათასი დოლარი უნდა დახარჯოს ქართულმა მხარემ. ამას გარდა, ტურიზმის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის აპრილში "სილქ ჰოსფითალითთან" 1.4 მლნ ლარის (1 412 010) ხელშეკრულება გააფორმა. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ITB China 2026-ის ფარგლებში, 700 სტუმრის გამასპინძლება უნდა უზრუნველყოს.
2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 128 ათასი ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 44%-ს შეადგენდა. საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შარშან ჯამში 220 მლნ ლარი დახარჯეს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 718 ლარის ფარგლებში იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge