
11 პროგრამა ტექნიკურიდან სოხუმის უნივერსიტეტში გადავიდა - NAEC-მა ცნობარი განაახლა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2026 წლის ცნობარის განახლებული, საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა. უმაღლესი განათლების რეფორმისა და აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რამდენიმე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხასა და დასახელებებში სიახლეები შევიდა.
2026-2027 სასწავლო წლიდან რიგი აგრარული და ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს.
ეს პროგრამებია:
• აგროინჟინერია (0120120) • სასურსათო ტექნოლოგია (0120123) • გარემოსდაცვითი ინჟინერია (0120121) • აგრარული ტექნოლოგიები (0120125) • სატყეო საქმე (0120119) • მეცხოველეობა (0120127) • ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია (0120122) • აგრონომია (0120126) • სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია (0120124) • მევენახეობა და ენოლოგია (0120118) • ვეტერინარია (0120130)
ამასთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს დაემატა ახალი საბაკალავრო პროგრამა „პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები“.
ცვლილება შეეხო აგრეთვე აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის დასახელებასაც: იგი აკრედიტაციით განსაზღვრულ დასახელებასთან შესაბამისობაში მოვიდა და ჩამოყალიბდა როგორც „ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა“.
ცვლილებები სხვა უნივერსიტეტებსაც შეეხო, სადაც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამები დაემატა:
• სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ახალციხისა (0140117) და ახალქალაქის (0140118) ფილიალებში; • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ზუგდიდში (0970111).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას იხელმძღვანელონ ცნობარის ბოლო ვერსიაში ასახული ოფიციალური ინფორმაციით და გაითვალისწინონ აღნიშნული განახლებები.
BM.GE
წყარო: bm.ge