
19-20 ნოემბერს თბილისში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
19-20 ნოემბერს თბილისი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიებაში 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის პარტნიორი უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები - ინფორმაციას GCCA ავრცელებს.
ღონისძიება უკვე მეხუთე წელია ხუთი სახელმწიფო უწყების - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA), ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.
კონფერენციის მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწაა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები, რომლებიც დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მომხმარებელთა დაცვის გლობალური ტენდენციები, ფარმაცევტულ და სასურსათო ბაზრებზე კონკურენცია და ხელმისაწვდომობა, კონცენტრაციების კონტროლი, ონლაინ ბაზრები, სექტორული რეგულირება და ინდუსტრიული პოლიტიკა.
ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იქნებიან გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი ტერესა მორეირა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პროფესორი იოანის ლიანოსი. დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ლიეტუვის, თურქეთის, რუმინეთისა და საუდის არაბეთის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელები.
კონფერენციაზე ასევე შედგება ორი ახალი პლატფორმის - eKalata.gov.ge-სა და საბანკო ტარიფების შედარების პორტალის პრეზენტაცია, რომელთა მიზანი სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე ფასების გამჭვირვალობისა და მომხმარებლის ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფაა.
წლევანდელი კონფერენცია სიმბოლურია - იგი საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილეს ეძღვნება, რასაც საფუძველი 1996 წელს მიღებულმა კანონმა და პირველი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნამ ჩაუყარა.
BM.GE
წყარო: bm.ge